სპორტი
ყირგიზეთში წასული მწვრთნელი ლაშა ჭაღიაშვილი ქართული ფეხბურთის პრობლემებზე: "სწორი სელექცია, მეთოდოლოგია, კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნა და კიდევ ბევრი რამ გვჭირდება"
“ლელოს” მკითხველმა უკვე იცის, რომ ლაშა ჭაღიაშვილმა თბილისის “დინამოს” აკადემია დატოვა და ყირგიზეთის ჩემპიონი “ბარსი” ჩაიბარა, რომელსაც აზიის ჩემპიონთა ლიგაზე გაუძღვება.
რა ხდება ასეთი ამ აზიურ ქვეყანაში, რომელმაც ქართველი ფეხბურთელები და მწვრთნელები ასე მასობრივად მიიზიდა?
ამას გარდა სპეციალისტი, რომელიც წლების განმავლობაში ქართულ ფეხბურთში სხვადასხვა დონეზე საქმიანობდა და ბევრი საინტერესო მოთამაშეც აღზარდა, გვიზიარებს თავის სატკივარს იმაზე, თუ რა სჭირს ქართულ საკლუბო ფეხბურთს და რა პრობლემებს ხედავს…
ჩემპიონის გაწვრთნა ძალიან დიდი მოტივაცია იყო…
- თბილისის “დინამოს” აკადემიიდან ყირგიზეთში გადასვლა თქვენთვის რა მოტივაცია იყო?
- “დინამოში” თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობდი, ამაყი ვარ, რომ ასწლოვანი კლუბის ნაწილი ვიყავი. იმ კონკრეტული საქმისთვის, რასაც ვაკეთებდი, ყველანაირი პირობა მქონდა, რომ თავი კომფორტულად მეგრძნო, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ზაზა დოლიძეს. ამასთან, განსაკუთრებით მინდა გამოვყო ლევან გვანცელაძე, რომელიც, ვფიქრობ, ერთ-ერთ საუკეთესო მენეჯერია საქართველოში აკადემიების მიმართულებით, ის ნამდვილად გამორჩეულია თავისი ხედვებით და მიდგომებით… დიდი მადლობა გია ისიანს და ვოვა მუსერიძეს, ეს ადამიანიები ფლობენ უდიდეს გამოცდილებას! მადლობა თოთოეულ იმ ადამიანს, ვისთანაც მომიწია თანამშრომლობა და ურთიერთობა. აქვე მინდა ავღნიშნო ის პერიოდი, რომელიც საფეხბურთო სკოლა “გრანდში” გავატარე. მინდა, დიდი პატივისცემით მადლობა გადავუხადო ოთო კაკაბაძეს, ის ნამდვილად ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ “გრანდ-თბილისი” საუკეთესო საფეხბურთო სკოლა იყოს… ახლა რაც შეეხება ჩემს ყირგიზეთში წამოსვლას… ეს ძალიან დიდი მოტივაცია იყო ჩემთვის, შეთავაზება მივიღე ისეთი კლუბისგან, რომელიც გასული წლის ჩემპიონია, გააჩნია კონკრეტული ამოცანები, მიზნები და ხედვები, რისთვისაც ქმნიან ყველანაირ პირობას. საინტერესო გამოწვევაა ჩემთვის და ამიტომაც წამოვედი, დიდ ფეხბურთში დაბრუნება მინდოდა, საკუთარ თავზე მუდმივად ვმუშაობდი და ამ შანსს ხელიდან ვერ გავუშვებდი, რისთვისაც მადლობას გადავუხდი ნიკა ხაბეიშვილს, აქვეა გიორგი პაპუაშვილი, რომელიც ყველაფერში გვერდში მიდგას, რომ ადაპტაცია სწრაფად შევძლო.
სახელმწიფოსგან ძალიან დიდი მხარდაჭერაა…
- ბოლო დროს ყირგიზეთში ბევრი ქართველი წავიდა…
- ფეხბურთელისთვისაც და მწვრთნელისთვისაც მთავარი არის კომფორტული სამუშაო პირობები, სტაბილური ფინანსები, ინფრასტრუქტურა და კონკურენტუნარიანი გარემო. აქ თავს ყველა ბედნიერად გრძნობს.
- ყირგიზეთში უკვე იმდენი ქართველი ფეხბურთელია, ერთი ნაკრებიც შეიძლება ჩამოყალიბდეს…
- კი, რატომაც არა!
- მოდით დავკონკრეტდეთ. ასეთი რა პირობები შექმნეს ყირგიზებმა ფეხბურთში, ასე მკვეთრად რომ შეიცვალა მიდგომა და დაფინანსება?
- სახელმწიფოსგან არის ძალიან დიდი მხარდაჭერა, ფეხბურთი პრიორიტეტულ სპორტის სახეობად არის გამოცხადებული, ჩაიდო ფინანსები, დაინტერესდნენ ბიზნესმენები, რომლებიც თანხებს არ იშურებენ, შენდება სტადიონები და ასე შემდეგ…
სტაბილურობის და განცდის შექმნა გვჭირდება
- საქართველოში ყველა საფეხურზე იმუშავეთ - აკადემიებში, ასაკობრივ გუნდებსა და მთავარი გუნდის მწვრთნელად. ამ გადასახედიდან უფრო კარგად უნდა ხედავდეთ, რა არის ყველაზე დიდი ხელისშემშლელი პირობა იმისა, რომ უეფა-ს რეიტინგში საქართველო 52-ე ადგილზე დაქვეითდა?
- რამდენიც არ უნდა ვიმსჯელოთ, საბოლოოდ მაინც ფინანსურ სტაბილურობასთან მივდივართ, თანამედროვე ფეხბურთი ფინანსების გარეშე არ არსებობს, თუმცა ფინანსებს, რა თქმა უნდა, სწორი განკარგვა სჭირდება, პროფესიონალი კადრების აღზრდა მათი შენარჩუნებაც არის. ასეთ ადამიანებს, მათ შორის ფეხბურთელებს, უნდა ჰქონდეთ ისეთი პირობები, სადაც ისინი სტაბილურად იმუშავებენ.
- ამ ვითარებაში ჩვენი საკლუბო ფეხბურთისთვის გამოსავალს რაში ხედავთ?
- ძალიან ვრცელი და კომპლექსური საკითხია. მოკლედ რომ გითხრათ, ეს არის სტაბილურობის შექმნა და განცდა, გრძელვადიანი გეგმების დასახვა და ბოლომდე მიყვანა, საქმის მოთმინებით კეთებაა საჭირო.
- რეალურად რომ ვთქვათ, შესაძლოა, პრობლემა ისიცაა, რომ ბევრი არ არის კვალიფიციური მწვრთნელი. ფეხბურთში ტალანტები გვყავს, მაგრამ მათი დიდ მოედნამდე მიყვანა, ანუ აღზრდა ვერ ხერხდება. რა არის პრობლემა - მწვრთნელები, არასათანადო მედიცინა თუ უხარისხო მოედნები?
- ფეხბურთის ნიჭი ნამდვილად ღმერთისგან გვაქვს ბოძებული. ყველა რგოლში საჭიროა კომპეტენტური ადამიანები. თუ გვექნება კარგი ინფრასტრუქტურა, იქ მცოდნე და გამოცდილი სპეციალისტები უნდა მუშაობდნენ. ყველაფერი ერთმანეთან კავშირშია. ვიმეორებ, საკითხი კომპლექსურია - სწორი სელექცია, მეთოდოლოგია, კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნა და ასე შემდეგ, რაც შეიძლება მეტი აკადემიის შექმნა სხვადასხვა რეგიონებში.