← მთავარი
სპორტი

„მოძალადის მხარდამჭერი ძალადობის თანამონაწილეა“ — ქალთა საფეხბურთო კლუბმა „ლანჩხუთმა“ „ნიკე ლუსოსთან“ მატჩზე უარი პროტესტის ნიშნად თქვა

30 სექტემბერი, 2026 · წყარო: newposts.ge
„მოძალადის მხარდამჭერი ძალადობის თანამონაწილეა“ — ქალთა საფეხბურთო კლუბმა „ლანჩხუთმა“ „ნიკე ლუსოსთან“ მატჩზე უარი პროტესტის ნიშნად თქვა

ქალთა ეროვნული ლიგის ფარგლებში დაგეგმილი მატჩი ქალთა საფეხბურთო კლუბ „ლანჩხუთსა“ და „ნიკე ლუსოს“ შორის ჩაიშალა. „ლანჩხუთის“ ფეხბურთელებმა მეტოქე გუნდთან თამაშზე პროტესტის ნიშნად უარი განაცხადეს.

დღეს, 29 სექტემბერს, შეხვედრის დაწყებამდე „ლანჩხუთის“ მოთამაშეებმა „ნიკე ლუსოს“ წევრებს ხელი არ ჩამოართვეს. მსაჯის სასტვენის შემდეგ გუნდის კაპიტანმა ბურთი მოედნიდან გადააგდო, რის შემდეგაც ფეხბურთელებმა საპროტესტო ბანერი გაშალეს წარწერით: „მოძალადის მხარდამჭერი ძალადობის თანამონაწილეა“.

მოგვიანებით სფკ „ლანჩხუთმა“ სოციალურ ქსელში საგანგებო განცხადება გამოაქვეყნა, სადაც პროტესტის მიზეზები დეტალურად განმარტა:

„თითქოს არაფერი მოხდა, ისე გამოვიდეთ და ფეხბურთი ვითამაშოთ, არ იქნება გამართლებული.

სამწუხაროდ, ჩვენი დღევანდელი მეტოქე („ნიკე ლუსო“) ის კლუბია, რომლის გულშემატკივრებმა და თანამშრომლებმა გასული წლის სექტემბერში მოედანზე ფიზიკურად იძალადეს ჩვენს ფეხბურთელებსა და მწვრთნელებზე.

ეს ის კლუბია, რომელიც გასახდელებში დამონტაჟებული ვიდეოკამერებით იწერდა ფეხბურთელებს (შეგახსენებთ, რომ ამ კლუბში არასრულწლოვანი გოგონებიც ირიცხებიან).

და ბოლოს, ეს ის კლუბია, რომლის მფლობელი და პრეზიდენტი საკუთარი კლუბის ფეხბურთელის გაუპატიურების ბრალდებით მიმდინარე წლის იანვარში დააკავეს.

ჩვენი სრული მხარდაჭერა და სოლიდარობა სექსუალური ძალადობის მსხვერპლს — საქართველოს ეროვნული ნაკრების 20 წლის ფეხბურთელს, რომელიც თვეებია იბრძვის, რათა დაუბრუნდეს ცხოვრებას ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით!“

← მთავარი