კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო: ლამარიას მონასტრის ტერიტორიაზე კელიების სამშენებლო სამუშაოებზე შესაბამისი ნებართვა არ გაცემულა
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო უშგულში, ლამარიას მონასტრის ტერიტორიაზე კელიების მშენებლობასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სააგენტოს მიერ შესაბამისი ნებართვა გაცემული არ არის.
მათივე განმარტებით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე ნებისმიერი სახის სამშენებლო, სარეაბილიტაციო ან სხვა ტიპის ჩარევა სააგენტოსთან წინასწარ უნდა იყოს შეთანხმებული. სააგენტო ასევე წერს, რომ საკითხის შესწავლის მიზნით, შესაბამის ღონისძიებებს ატარებს.
“საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო განმარტავს, რომ უშგულში, ლამარიას მონასტრის ტერიტორიაზე მიმდინარე კელიების სამშენებლო სამუშაოებზე სააგენტოს მიერ შესაბამისი ნებართვა გაცემული არ არის.
მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე ნებისმიერი სახის სამშენებლო, სარეაბილიტაციო ან სხვა ტიპის ჩარევა სააგენტოსთან წინასწარ შეთანხმებასა და დადგენილი პროცედურების გავლას საჭიროებს.
საკითხის შესწავლის მიზნით, სააგენტო შესაბამის ღონისძიებებს ატარებს. კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების დასრულების შემდეგ საზოგადოებას დამატებითი ინფორმაცია მიეწოდება”, — დაწერა სააგენტომ.
შეგახსენებთ, გუშინ, 8 ივლისს Chaikhana-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ “დაახლოებით თვენახევარია, მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტი ილარიონი ლამარიასთან სატრაპეზოს აშენებს”.
მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სტატუსთან ერთად ლამარიას ეკლესია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და საერთაშორისო კონვენციის გარდა, ეროვნული კანონმდებლობაც იცავს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ კანონის სახით, — წერს გამოცემა.
მათივე ცნობით, მშენებლობის ადგილას 2014 წლიდან მცირე ზომის შენობა იდგა (ისიც უნებართვოდ აშენებული) და ძირითადად, შეშის შესანახ სათავსოდ იყენებდნენ. მეუფემ ამ შენობის დემონტაჟი და ამავე ადგილას სატრაპეზოსა და საპირფარეშოების აშენება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ლამარია დედათა მონასტრად გადაკეთდა, ლამარიას მაჩუბები კი — კელიებად. როგორც სტატიაში ვკითხულობთ, პროექტი კერძო კომპანიას შეადგენინეს და მშენებლობა გაზაფხულის მიწურულს, ძეგლთა დაცვის სააგენტოსთან შეუთანხმებლად, თვითნებურად დაიწყეს.