← მთავარი
საზოგადოება

საჭიროა პირდაპირ მტრებთან და აგენტურასთან ბრძოლა და დაარქვან ამას თუნდაც „37 წელი“, ამაში საქილიკოს ვერაფერს ვხედავ - ლალი მოროშკინა

9 ივლისი, 2026 · წყარო: newposts.ge
საჭიროა პირდაპირ მტრებთან და აგენტურასთან ბრძოლა და დაარქვან ამას თუნდაც „37 წელი“, ამაში საქილიკოს ვერაფერს ვხედავ - ლალი მოროშკინა

„ოცნების პროპაგანდისტი“ ლალი მოროშკინა ქვეყანაში „მტრებისა და აგენტურის“ წინააღმდეგ მკაცრი ზომების გატარების ინიციატივით გამოდის. გადაცემაში „დროული დიალოგი ეკა სეხნიაშვილთან ერთად“ სტუმრობისას მან განაცხადა, რომ სულ უფრო მეტად იზიარებს იოსებ სტალინის მეთოდებს და 37 წლის რეპრესიების ანალოგიით მოქმედებაში „საქილიკოს“ ვერაფერს ხედავს.

მოროშკინამ ოპოზიციის უდიდესი ნაწილი საქართველოს საზიანოდ მოქმედებაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ საჭიროა ბევრად უფრო ხისტი ნაბიჯების გადადგმა.„მტერი ხარ, როდესაც გინდა, რომ შენს ქვეყანაში ბომბები ცვიოდეს. ესე იგი, შენ გინდა, ბოლო გენოფონდი განადგურდეს და დაიღუპოს. არის რამდენიმე ოპოზიციონერი, რომელიც ჩემთვის მეტ-ნაკლებად მისაღებია, მაგრამ ეს არის ერთნახევარი კაცი. დანარჩენი ყველა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველო გადაიჩეხოს; იმისთვის, რომ ამაში მიიღოს თავისი დივიდენდები, მოკვდეს აქ ქრისტიანობა და ყველაფერი, რაც დაკავშირებულია საქართველოს გაბრწყინებასთან და განვითარებასთან. მე ვფიქრობ, რომ უფრო ხისტად არის სამოქმედო. არა მხოლოდ ის განყოფილება, რომელიც ფეისბუკს აკონტროლებს — ეს ყველაზე ნაკლებად პრობლემურია. მე ვფიქრობ, საჭიროა პირდაპირ მტრებთან და აგენტურასთან ბრძოლა და დაარქვან ამას თუნდაც „37 წელი“, მე ამაში საქილიკოს ვერაფერს ვხედავ. სიამოვნებით გადავხედავდი ისტორიას. რაც უფრო ასაკი მემატება და სიტუაციას ვუყურებ, — უფრო და უფრო სტალინელი ვხდები. დღეს ჩვენ არ გვაქვს ეს [დახვრეტის] მუხლი, მაგრამ ის, რომ ვიღაც-ვიღაცებს ენები მოსაჭრელი აქვთ (არა პირდაპირი, არამედ გადატანითი მნიშვნელობით), ეს ფაქტია“, — განაცხადა ლალი მოროშკინამ.

← მთავარი