“დედას თავისი ერთადერთი შვილი აღარ ჰყავს... გერმანიიდან ერთი თვის ჩამოსული იყო, სახლი შეიძინა“ - ცნობილია ლაგოდეხში დაღუპული 25 წლის ბიჭის ვინაობა: რას აცხადებენ ახლობლები
გუშინ, ღამის საათებში ლაგოდეხში ტრაგედია მოხდა. ავტოსაგზაო შემთხვევას 25 წლის ბიჭი ემსხვერპლა.
ახალგაზრდა მამაკაცი მეგობართან ერთად ავტომობილით გადაადგილდებოდა, რა დროსაც სოფელ ცხაკაიასთან, სავარაუდოდ, ცუდი ხილვადობის გამო, საჭე ვერ დაიმორჩილა და სატვირთო მიკროავტობუსს შეეჯახა. ახალგაზრდა ადგილზე დაიღუპა, მის გვერდით მყოფი პირი კი დაშავდა, ის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
დაღუპული ვახო ხუციშვილია. ის გერმანიიდან ერთი თვის წინ დაბრუნდა, სოფელ არეშფერანში სახლი შეიძინა და დედასთან ერთად სოფელ ბაღდადიდან საცხოვრებლად გადავიდა.
“კვირის პალიტრა“ დაღუპულის ოჯახის ახლობელს ესაუბრა:
“ძალიან დიდი ტრაგედია მოხდა, რა უნდა გითხრათ არ ვიცი, ახალგაზრდა ბიჭია გარდაცვლილი, ვახო ჩემი ნათესავია, ძალიან განადგურებული ვარ ამ ამბით. დედისერთა იყო, დედას თავისი ერთადერთი შვილი აღარ ჰყავს და აქ რა არის სალაპარაკო, რა უნდა ვთქვათ, განვიცდით ამ ტრაგედიას. გერმანიიდან ახალი ჩამოსული იყო, ერთი თვე იქნება ალბათ. სოფელ არეშფერანში სახლი შეიძინა და დედასთან ერთად სოფელ ბაღდადიდან საცხოვრებლად იქ გადავიდა. არ ვიცი სამძიმარი როგორ უნდა ვუთხრა მის დედას, ირმას. მეტს ვერაფერს გეტყვით, აღარ შემიძლია”, - გვითხრა ოჯახის ახლობელმა.
კიდევ ერთი ახლობელი განიცდის ვახო ხუციშვილის გარდაცვალებას.
“ჩემი ახლობელი იყო ვახო, გაგვანადგურა ამ ამბავმა. დედისერთა ბიჭი იყო. ძალიან მშრომელი, მეოჯახე, ძალიან კარგი ადამიანი. საუბარს ვეღარ შევძლებ ვახოზე, რადგან ძალიან ახლობელი ადამიანია ჩემთვის. მძიმეა ჩემთვის ეს ტრაგედია, როგორ გული დაგვწყვიტა”, - გვითხრა კიდევ ერთმა ახლობელმა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.