← მთავარი
მსოფლიო

კიევ-პეჩერის ლავრაზე დარტყმა იყო რუსული დრონით "გერანი" - უკრაინის უსაფრთხოების სამსახური

15 ივნისი, 2026 · წყარო: radiotavisupleba.ge
კიევ-პეჩერის ლავრაზე დარტყმა იყო რუსული დრონით

მას შემდეგ, რაც რუსეთმა კიევზე რაკეტებითა და დრონებით მასირებული შეტევის შემდეგ უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემას დააკისრა პასუხისმგებლობა კიევ-პეჩერის ლავრის ტერიტორიაზე დარტყმასა და ხანძარზე, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ ლავრაზე დარტყმა იყო რუსული დრონით „გერანი 2”.უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა 15 ივნისს დღისით სოციალური ქსელებით გაავრცელა ფოტოები, რომლებზეც, მისი ინფორმაციით, ადგილზე ნაპოვნი ამ დრონის ფრაგმენტებია ასახული.უკრაინული მხარის თანახმად, დადგენილია, რომ 15 ივნისს, ადგილობრივი დროით 01:50 საათზე რუსეთმა კიევ-პეჩერის ლავრას დაარტყა უპილოტო საფრენი აპარატით „გერანი 2”, რომელიც ირანული ე.წ. კამიკაძე-დრონის, „შაჰედის” რუსული ვერსიაა.უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლები კიევ-პეჩერის ლავრაზე დარტყმას ომის დანაშაულად განიხილავენ.კიევ-პეჩერის ლავრის ეროვნული ნაკრძალის დირექტორმა მაქსიმ ოსტაპენკომ ჯერ კიდევ დილით განაცხადა, რომ ლავრის ტერიტორიაზე, მიძინების ტაძარს რუსული დრონი მოხვდა.მე-11 საუკუნის კიევ-პეჩერის ლავრა იუნესკოს მიერ მსოფლიო მემკვიდრეობადაა გამოცხადებული.

ასევე ნახეთ

რუსეთი: კიევ-პეჩერის ლავრას Patriot-ი მოხვდა, დოვჟენკოს კინოსტუდიაში დრონებს ამზადებდნენ

15 ივნისს უკრაინაზე დრონებითა და რაკეტებით მასირებული შეტევის შემდეგ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ „კიევის რეჟიმის ტერაქტების პასუხად“(მოსკოვი ასე უწოდებს რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინის შეტევებს) დაარტყეს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ობიექტებს და რამდენიმე სამხედრო აეროდრომს.რაც შეეხება კიევ-პეჩერის ლავრას, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, ლავრის შენობების კომპლექსზე დარტყმა იყო ამერიკული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის, „პეტრიოტის“ რაკეტით. რუსულ მხარეს ამ განცხადებასთან ერთად რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენია.15 ივნისს უკრაინაზე მასირებული შეტევისას კიევში დაიღუპა სულ მცირე 5 ადამიანი და 30-ზე მეტი დაშავდა. ხარკოვში დაიღუპა 5 მაშველი.კიევში, ხარკოვსა და დნიპროში დაზიანებულია სახლები, ადმინისტრაციული და საგანმანათლებლო დაწესებულებები, საწარმოები და ენერგოობიექტები.

ასევე ნახეთ

უკრაინა მოითხოვს მკაცრ პასუხს რუსეთის მიერ კიევ-პეჩერის ლავრის წინააღმდეგ ჩადენილ „ბარბაროსობაზე”

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომელიც 15 ივნისს კიევ-პეჩერის ლავრაში იმყოფებოდა, განაცხადა, რომ ორი რუსული დრონით მიზანმიმართული შეტევა იყო კიევის იმ ნაწილზე, სადაც ლავრა და ეროვნულ-კულტურული და სამუზეუმო კომპლექსი „მისტეცკის არსენალია“. კიევ-პეჩერის ლავრის მიძინების ტაძარსა და „მისტეცკის არსენალში“ გასულ ღამით გაჩენილი ხანძრების ლიკვიდაცია 15 ივნისს დილით დასრულდა.

← მთავარი