100 000 კოსტიუმი და 3 მილიონი ექსპონატი - კიევის დაბომბვის შედეგად დოვჟენკოს კინოსტუდიის უნიკალური კოლექცია განადგურდა
“ეს არის რუსების მიერ უკრაინული კულტურის წინააღმდეგ ჩადენილი კიდევ ერთი უკიდურესად მძიმე დანაშაული. რუსეთმა იერიში მიიტანა კიევში მდებარე ოლექსანდრ დოვჟენკოს სახელობის ეროვნულ კინოსტუდიაზე. შეტევის შედეგად გაჩნდა ხანძარი. განადგურდა უკრაინის ყველაზე დიდი და უძველესი სასცენო კოსტიუმების კოლექცია. კინოსტუდიაში ინახებოდა დაახლოებით 100 000 კოსტიუმი და 3 მილიონი ერთეული სხვადასხვა სახის სამოსი. ასევე დაზიანდა კინოსტუდიის სხვა კორპუსები და შენობები”, - დაწერა ტეტიანა ბერეჟნამ, რომლის თქმითაც, რუსეთი აგრძელებს მიზანმიმართულ თავდასხმებს არა მხოლოდ სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და მშვიდობიან მოსახლეობაზე, არამედ კულტურულ ინსტიტუციებზეც, რომლებიც უკრაინულ იდენტობას, ისტორიულ მეხსიერებასა და კულტურულ მემკვიდრეობას ინახავენ.
“კულტურული კერების განადგურება უკრაინელი ხალხის მეხსიერებაზე, ისტორიასა და თვითმყოფადობაზე დარტყმის მიყენების მცდელობას წარმოადგენს”, - ამბობს უკრაინის კულტურის მინისტრი.ოლექსანდრ დოვჟენკოს სახელობის ეროვნული მხატვრული ფილმების კინოსტუდია დაარსდა 1927 წელს და არსებობის ასი წლის განმავლობაში იქ ათასზე მეტი ფილმი შეიქმნა, მათ შორის საბჭოთა და მსოფლიო კინოს კლასიკად აღიარებული ნამუშევრები: ოლექსანდრ დოვჟენკოს “მიწა”, სერგო ფარაჯანოვის “დავიწყებულ წინაპართა აჩრდილები” და მრავალი სხვა.2026 წლის დასაწყისში კინოსტუდია ევროპის კინოაკადემიის კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების სიაში შეიტანეს.უკრაინის გენერალური პროკურორის, რუსლან კრავჩენკოს თქმით, რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან დღემდე დააზიანეს ან გაანადგურეს კულტურული მემკვიდრეობის თითქმის 2000 ძეგლი, მათგან 100-ზე მეტი კი იუნესკოს მფარველობის ქვეშ მყოფი ობიექტია.
ასევე ნახეთ
კიევ-პეჩერის ლავრაზე დარტყმა იყო რუსული დრონით „გერანი” - უკრაინის უსაფრთხოების სამსახური
ასევე ნახეთ
უკრაინა მოითხოვს მკაცრ პასუხს რუსეთის მიერ კიევ-პეჩერის ლავრის წინააღმდეგ ჩადენილ „ბარბაროსობაზე”
ასევე ნახეთ
რუსეთი: კიევ-პეჩერის ლავრას Patriot-ი მოხვდა, დოვჟენკოს კინოსტუდიაში დრონებს ამზადებდნენ