კვარაცხელია მსოფლიოს 10 ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელს შორისაა — PSG მსოფლიოს ყველაზე ძვირი კლუბი გახდა
Transfermarkt-მა ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ ლიგა 1-ის ფეხბურთელების ღირებულებები განაახლა: ხვიჩა კვარაცხელიას ფასი 50 მილიონი ევროთი გაიზარდა და 140 მლნ-ს მიაღწია. ახლა ის ჟოაო ნევეშსა და ვიტინიასთან ერთად საფრანგეთის ლიგის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია.
Transfermarkt-ის საფრანგეთის რეგიონული მენეჯერი რონან კაროფი ასე ხსნის გადაწყვეტილებას: „ვერ ვუარვყოფ იმ გავლენას, რომელიც ქართველმა ყველაზე დიდ სცენაზე მოახდინა. ლიგა 1-ში ჩრდილში დარჩა, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაში ბრწყინვალედ წარმოაჩინა თავი: 10 გოლი და 7 საგოლე გადაცემა — ეს მბაპეს (15+1) და ჰარი კეინს (14+2) სჯობს. ფინალში პენალტიც გამოიმუშავა.”
ახლა კვარაცხელია მსოფლიოს 10 ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელიდანაა (140 მლნ, ლამინ იამალის, ჰალანდისა და მბაპეს — 200 მლნ — შემდეგ). ქართველის ახალი ფასი PSG-ს კლუბური ღირებულებაც მსოფლიოში ყველაზე მაღლა ასწია: 1,37 მლრდ ევრო, რეალ მადრიდის (1,34 მლრდ) წინ.
საქართველოს ნაკრების ჯამური სატრანსფერო ღირებულება 248,25 მლნ ევრო გახდა — ეს ქვეყნისთვის რეკორდია. მსოფლიოს ნაკრებთა ჩამონათვალში „ჯვაროსნები” 29-ე ადგილზეა, სხვათა შორის — რუსეთს (242 მლნ), პოლონეთს (234 მლნ) და უნგრეთს (214 მლნ) წინ. კვარაცხელია მარტო უფრო ძვირია, ვიდრე 10-ზე მეტი ეროვნული ნაკრები — ეგვიპტეს, სლოვაკეთს, სლოვენიასა და რუმინეთს ჩათვლით.
ლიგა 1-ის ტოპ-5 ყველაზე გაძვირებული:
- ხვიჩა კვარაცხელია (PSG) — 140 მლნ (+50)
- ვიტინია (PSG) — 140 მლნ (+30)
- ჟოაო ნევეში (PSG) — 140 მლნ (+30)
- დეზირე დუე (PSG) — 120 მლნ (+30)
- უორენ ზაირ-ემერი (PSG) — 80 მლნ (+20)