კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩინეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს [VIDEO]
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოაჩინეს, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს და 4 პირი დააკავეს.
“სამართალდამცველების მიერ, სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულები შემდგომი რეალიზაციის მიზნით, ე.წ. ნარკოლაბორატორიაში, სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებებისა და პრეკურსორების გამოყენებით, ნარკოტიკულ საშუალებებს ამზადებდნენ.
სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და ავტომობილის ჩხრეკისას, ასევე, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: 41 ლიტრი ალფა პვპ-ს შემცველი სითხე, 5 კილოგრამამდე მეფედრონი , ასევე, 5 ლიტრი მეფედრონი-ს შემცველი სითხე და 2 კილოგრამამდე ალფა პვპ.
ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისათვის საჭირო მასალები და სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა”. - წერს უწყება.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.