გუშინ თბილისში, ბახტრიონის ქუჩაზე კურიერმა ხანძრის გავრცელება შეაჩერა
თბილისში, ბახტრიონის ქუჩაზე, გვიან ღამით გაჩენილი ხანძრის დროს შემთხვევით გამვლელმა კურიერმა ოპერატიული რეაგირება მოახდინა და, ადგილობრივი მცხოვრებლების თქმით, ხელი შეუშალა ცეცხლის ავტომობილებსა და საცხოვრებელი კორპუსისკენ გავრცელებას.
როგორც თვითმხილველები რედაქციასთან ჰყვებიან, ქუჩაში განთავსებულ დიდ ნაგვის ურნებს ძლიერი ცეცხლი ეკიდა, ხანძარი სწრაფად ვრცელდებოდა, ცეცხლი უკვე გადასული იყო კორპუსის წინ მდგარ ხეზე და საფრთხეს უქმნიდა იქვე გაჩერებულ ავტომობილებს.
ადგილობრივების თქმით, კურიერი დაუყოვნებლივ გადმოხტა სკუტერიდან, მივარდა ხანძრის კერასთან და ანთებული ურნები ფეხით გადაწია, რათა ისინი ავტომობილებს მოშორებოდა. ამის შემდეგ კორპუსის მცხოვრებლებს წყალი გამოართვა და ცეცხლის ჩაქრობა სცადა, თუმცა ძლიერი ქარის გამო მისი ლიკვიდირება შეუძლებელი გახდა.
მოსახლეობამ სახანძრო-სამაშველო სამსახური გამოიძახა. ადგილზე მისულმა მეხანძრე-მაშველებმა ხანძრის ლოკალიზება და სრულად ჩაქრობა შეძლეს.
ბახტრიონის ქუჩის მცხოვრებლები ამბობენ, რომ კურიერის სწრაფმა რეაგირებამ გადამწყვეტი როლი ითამაშა, რადგან მან ხელი შეუშალა ცეცხლის ავტომობილებსა და საცხოვრებელი კორპუსისკენ გავრცელებას, ვიდრე ადგილზე სახანძრო ეკიპაჟი მივიდოდა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის გამომწვევ მიზეზს შესაბამისი სამსახურები დაადგენენ.
ფოტოები და ვიდეო შემთხვევის ადგილიდან რედაქციას ბახტრიონის ქუჩის მცხოვრებლებმა მიაწოდეს.