"ქურდულ სამყაროს" საქმეზე ერთ-ერთი დაკავებული ცაგერის საკრებულოს ფრაქცია "ხალხის ძალის" თავმჯდომარეა
“ტვ პირველის” ინფორმაციით, ქურდულ სამყაროსთან კავშირისთვის დაკავებული 29 პირიდან ერთ-ერთი ცაგერის საკრებულოს ფრაქცია ხალხის ძალის თავმჯდომარეა. ლაშა ლეთოდიანი ცაგერის საკრებულოში ქართული ოცნების სიით გავიდა და ამჟამად ხალხის ძალას წარმოადგენს.
ადვოკატის მტკიცებით, ლეთოდიანი “საკრებულოს წარმომადგენელია, რომლის უკანაც ბევრი ადამიანი დგას”. ადვოკატმა მისი დაცვის ქვეშ მყოფის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება მოითხოვა.
“სატელეფონო ჩანაწერები არის წარმოდგენილი ავტომობილში. ლაშა ლეთოდიანს ნასამართლეობაც არ აქვს. მას ჰყავს ოჯახი, ის არის საკრებულოს წარმომადგენელი, რომლის უკანაც ბევრი ადამიანი დგას,” — თქვა ადვოკატმა ნინო ლალიაშვილმა.
ცაგერის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ვებსაიტიდან ვიგებთ, რომ ლეთოდიანი 2012-17 წლებში ცაგერის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის აუდიტის სამსახურში მუშაობდა, ხოლო 2025 წლის ოქტომბრიდან არჩეულ იქნა საკრებულოს ფრაქცია ხალხის ძალის თავმჯდომარედ.
ამას გარდა, აღნიშნულ საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული 34 წლის ლალო გველესიანია. მას ქურდული სამყაროს წარმომადგენლებთან დახმარების მიმართვისთვის ასამართლებენ. პროკურორის განცხადებით, გველესიანმა ბრალდებულებს ფინანსური უთანხმოების მოგვარების მიზნით მიმართა. “ტვ პირველის” ცნობით, გველესიანი 2 მცირეწლოვანი შვილის დედაა.
“ლალო გველესიანს ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვას ვედავებით. მან მიმართა ქურდული სამყაროს საქმიანობის განხორციელების მიზნით პირზე ზემოქმედების განსახორციელებლად, ვინაიდან საქმე ეხებოდა გარკვეულ პირთა შორის კონფლიქტს,” — განაცხადა საქმის პროკურორმა.
კითხვაზე გაითვალისწინებს თუ არა სასამართლო იმ მდგომარეობას, რომ გველესიანი ორი მცირეწლოვანი ბავშვის დედაა, პროკურორმა არ გამორიცხა საპროცესო შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობა.
“საპროცესო შეთანხმების გაფორმების საფუძველი შეიძლება გახდეს პირის აღიარება და მონანიება, ასევე მხედველობაში ვიღებთ დანაშაულის შინაარსს, ხასიათს და დანაშაულის ჩადენის შემდეგ მის დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილ დანაშაულზე. შესაბამისად, აღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით მივიღებთ შემდგომ გადაწყვეტილებას მის მიერ საპროცესო შეთანხმების გაფორმებასთან თაობაზე,” — განაცხადა მან.
პროკურატურის ვერსიით ამ საქმეზე დაკავებული ბრალდებულები მატერიალური სარგებლის მიზნით მოქალაქეებს შორის არსებულ ფინანსური დავების გადაწყვეტაში ერთვებოდნენ. აღნიშნულ დანაშაულში საზღვარგარეთ მყოფი კანონიერი ქურდი ბესიკ ჯაფარიძე იყო ჩართული.
შსს: ბოლო 24 საათში ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებული 29 პირი დააკავეს