კუპრაძე: ძალოვანი უწყებები ძალადობენ ქართველ ახალგაზრდებზე მიყრუებულ ადგილებში
გორში მომხდარი ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ძალოვანი უწყებები ძალადობენ საქართველოს მოქალაქეებზე. ასე განაცხადა ირაკლი კუპრაძემ, რომელმაც ქართველ მშობლებს მიმართა: „კრიმინალური პოლიცია, ძალოვანი უწყებები, ძალადობენ თქვენს შვილებზე მიყრუებულ ადგილებში, სამშენებლო მოედნებზე, შემდეგ კი მსხვერპლებს იჭერენ, აკავებენ და საპატიმროებში გზავნიან.”
კუპრაძის თქმით, ამ კონკრეტულ შემთხვევაში მსხვერპლს გაუმართლა — მიმდებარე კორპუსში ცხოვრობდა ჟურნალისტი, ვინც კადრების გადაღება შეძლო. „ყველამ უნდა გვახსოვდეს, რომ თქვენი შვილები დაუცველები არიან ძალოვანი უწყებების წინაშე. ასეთი კადრები ყოველთვის ვერ ჩნდება,” — განაცხადა მან.
კუპრაძე მოითხოვს, პროკურატურამ საზოგადოებას დაუყოვნებლივ აცნობოს, განხილული თუ არ არის საქმის გადაკვალიფიცირება; ასევე — ყველა იქ მყოფი პოლიციელის ქმედებას, მათ შორის იმათ, ვინც ძალადობას ესწრებოდა და არაფერი მოიმოქმედა, ინდივიდუალური სამართლებრივი შეფასება მიეცეს. „ქმედება ისევე არის დანაშაული, როგორც უმოქმედობა. გამოძიებამ პასუხი უნდა გასცეს, ვინ მფარველობდა დამნაშავეებს,” — დასძინა მან.
კუპრაძე ასევე ასახელებს მმართველი პარტიის ვიცესპიკერ თეა წულუკიანის განცხადებას, რომლის მიხედვითაც ბრალდებულ პოლიციელებს „სალაპარაკო მიეცათ”. „ყველამ ზუსტად ასე გავიგეთ, რასაც წულუკიანი გულისხმობდა: ჩაიდინეთ დანაშაული ისე, რომ ვერავინ გაიგოს. ის არ წუხს, რომ ადამიანი აიწამეს — წუხს, რომ ვიდეო გამოჩნდა,” — განაცხადა კუპრაძემ.
მისი განცხადებით, ეს სისტემური პოლიტიკაა, „რასაც ივანიშვილი და ოცნება ქართველი მოქალაქეების წინააღმდეგ აწარმოებს.” კუპრაძე მოითხოვს, შეწყდეს მსხვერპლის წინააღმდეგ პროპაგანდა, შეწყდეს ოჯახის წევრებზე ზეწოლა და ირაკლი კობახიძე და შსს მინისტრი პოლიტიკური პასუხისმგებლობის წინაშე დადგნენ.