[მსოფლიო თასი 2026] კუმანმა ნიდერლანდები დატოვა, სლოტი ფავორიტია | Lelo.Ge
რონალდ კუმანმა გამოაცხადა, რომ ტოვებს ნიდერლანდების ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს.
ნიდერლანდებმა პენალტების სერიაში (1:1, 2:3) დათმო მაროკოსთან 1/16 ფინალის მატჩი და ტურნირს გამოეთიშა.
„მივიღე გადაწყვეტილება, დავასრულო მუშაობა ნიდერლანდების ნაკრების მთავარი მწვრთნელის რანგში. ჩვენ ერთად ვოცნებობდით მსოფლიოს ჩემპიონატზე, სადაც ისტორიაში შევიდოდით. ეს არ მოხდა. ჩემზე მეტად არავინ არის იმედგაცრუებული. როგორც მთავარი მწვრთნელი, შენ იღებ ამ პასუხისმგებლობას“, - დაწერა სოციალურ ქსელში 63 წლის მწვრთნელმა.
კუმანი ნიდერლანდების ნაკრებს 2023 წლის დასაწყისიდან ედგა სათავეში.
„ლივერპულის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი არნე სლოტი შეიძლება გახდეს ნიდერლანდების ახალი დამრიგებელი მას შემდეგ, რაც ეროვნული გუნდიდან გადადგომის შესახებ გამოაცხადა კუმანმა.
ბუკმეიკერების აზრით, ყველაზე რეალური შანსია, რომ ვაკანტური პოსტი სლოტმა დაიკავოს. კანდიდატებს შორის ტოპ-სამეულში არიან ლუი ვან გაალი და მიკაელ რაიციგერი.
ნიდერლანდების ახალი მწვრთნელი ბუკმეიკერების ვერსიით:
- არნე სლოტი - 2.37, 2. ლუი ვან გაალი - 4.33, 3. მიკაელ რაიციგერი - 5.00, 4. რუუდ ვან ნისტელროი - 6.00, 5. პეტერ ბოსი - 6.50, 6. ჯონი ჰეიტინგა - 7.00, 7. ერიკ თენ ჰაგი - 8.00, 8. რობინ ვან პერსი - 11.00…
იბრაჰიმოვიჩი: ვერ ვიცანი ნიდერლანდების ნაკრები, ეს კუმანის ბრალია
ლეგენდარულმა შვედმა ფეხბურთელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა გააკრიტიკა ნიდერლანდების ნაკრების მთავარი მწვრთნელი რონალდ კუმანი მსოფლიოს ჩემპიონატიდან გავარდნის შემდეგ.
„ეს წაგება - კუმანის ბრალია, რადგან ვერ ვიცანი ნიდერლანდების ნაკრები. მან წააგო სტილით, რომელსაც არ აქვს არანაირი კავშირი ნიდერლანდურ ფეხბურთთან. ეს მაბრაზებს.
ყოველთვის მასწავლიდნენ: შეუტიე, შეუტიე, შეუტიე. ხოლო ის, რაც მე ვნახე, არ ასოცირდება ნიდერლანდებთან. კუმანი გამოიყურებოდა, როგორც იტალიელი მწვრთნელი: თამაშობდა არა მოგებაზე, არამედ იმაზე, რომ არ წაეგო. არადა, ნიდერლანდები ყოველთვის მოსაგებად თამაშობს.
თუ აგებ, საკუთარი იდენტობით მაინც წააგე. ნუ ცვლი მას.
ეს არ იყო ის ნიდერლანდები, რომლის ხილვასაც მიჩვეული ვარ. თამაშის მიხედვით გასაგები იყო, ფეხბურთელები არაკომფორტულად გრძნობდნენ თავს. ბურთის ფლობა გაქრა, შეტევითი ფეხბურთი დაიკარგა… ყველაფერი ძალიან ცუდად გამოიყურებოდა და ეს ყველაფერი კუმანზეა. მე ეს ძალიან არ მომეწონა. აბსოლუტურად“, - განაცხადა იბრაჰიმოვიჩმა FOX Sports-ის ეთერში.