სანქცირებული ტანკერიდან გადატვირთული რუსული ნავთობი ყულევის პორტში შევიდა
„აი ფაქტის” გამომძიებელი ჟურნალისტები 6 დღის განმავლობაში აკვირდებოდნენ შავ ზღვაში, საქართველოს კონტროლირებად წყლებთან ახლოს, მდებარე ტანკერს. 8 ივნისს ტანკერი NEPHIRA ყულევის პორტში შემოვიდა და დაახლოებით 30 000 ტონა ნავთობი შემოიტანა.
გამოძიებით დადგინდა, რომ NEPHIRA-მ ეს ტვირთი შუა ზღვაში, რუსეთის მიერ კონტროლირებად წყლებში, ევროკავშირის, ბრიტანეთის, კანადის, უკრაინის, შვეიცარიისა და ავსტრალიის სანქციების ქვეშ მყოფი ტანკერ BOLTARIS-დან გადმოტვირთა. 29 მაისს NEPHIRA ნოვოროსიისკის პორტთან ჩავიდა, შემდეგ კი რადარებიდან გაქრა — ტრანსპონდერი გამოირთო. 1 ივნისს, BOLTARIS-ისგან ნავთობის გადმოტვირთვისას, ორივე გემი ერთი და იმავე მეთოდით ყალბავდა კოორდინატებს: ხმელეთზე „გადადიოდნენ” და სინქრონულად წრეზე მოძრაობდნენ.
BOLTARIS (IMO: 9251456) 2025 წლის გაზაფხულიდან სანქცირებულია — სახელი ექვსჯერ შეუცვლია, დროშა კი ათჯერ. ტანკერი „როსნეფტის” ნავთობის ტრანსპორტირებაში უკვე 2023 წლიდანაა შემჩნეული.
NEPHIRA-სა და მასთან დაკავშირებული კომპანიები — ბერძნული ELLI SHIPTRADE LTD და STAR MARINE MANAGEMENT INC — ჯერჯერობით სანქციების ქვეშ არ ექცევიან.
„აი ფაქტმა” საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს წერილობით მიმართა, თუმცა პასუხი ჯერ არ მიუღია. ამ ეტაპზე უცნობია, ვინ გამოგზავნა ტვირთი, ვინ არის მიმღები და რომელი კომპანია ფინანსავდა ოპერაციას.