← მთავარი
პოლიტიკა

დმიტრო კულება Patriot-ების დეფიციტზე, პოლონეთთან კრიზისზე და ზელენსკი-ბუდანოვის პარტნიორობაზე

8 ივლისი, 2026 · წყარო: radiotavisupleba.ge
დმიტრო კულება Patriot-ების დეფიციტზე, პოლონეთთან კრიზისზე და ზელენსკი-ბუდანოვის პარტნიორობაზე

ასეთი შეფასებები გააკეთა უკრაინის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურისათვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში. კულებას აზრით, ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპის შეხვედრა თურქეთში ნატოს სამიტზე პოზიტიური სიგნალი იქნება, თუმცა ამ ეტაპზე მას არ აქვს მოლოდინი, რომ აშშ-ის პრეზიდენტი კრემლის მიმართ უფრო მკაცრი პოლიტიკის გატარებისთვის იქნება მზად.

კულებამ ასევე განმარტა, რატომ მიაჩნია, რომ პოლონეთი „უკრაინის მიმართ რუსეთის პოლიტიკის გზას დაადგა“, რატომ არ ელოდება უახლოეს მომავალში არჩევნების ჩატარებას და მიიღებდა თუ არა თავად მონაწილეობას საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატის სტატუსით. გარდა ამისა, მან ისაუბრა თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე, მის წინააღმდეგ მიმართულ საინფორმაციო კამპანიებსა და ანდრი ერმაკთან ურთიერთობაზე.

დმიტრო კულება. 2026 წ. კიევი

თუმცა, თუ პრაქტიკული პოლიტიკის კუთხით შევხედავთ, მთავარი კითხვა ძალიან მარტივია: მზად არის თუ არა ტრამპი პუტინის მიმართ თავისი პოლიტიკა შეცვალოს? ჯერჯერობით ვერ ვგრძნობ, რომ ის მზად იყოს, კრემლის მიმართ უფრო მკაცრი კურსი აირჩიოს.

სწორედ ამისთვის არსებობს დიპლომატია და ლიდერების კომუნიკაცია - რათა ნაბიჯ-ნაბიჯ, მილიმეტრ-მილიმეტრით, ტრამპი წაიყვანონ საჭირო მიმართულებით.

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი და აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი (მარჯვნივ)

ფინანსური დახმარება, რა თქმა უნდა, დღესაც ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე მნიშვნელოვანია პარტნიორების ვალდებულება, რომ ეს დახმარება გაგრძელდება. ამის მნიშვნელობის დაკნინება არ მინდა. ჩვენ ამისთვის მადლიერნი უნდა ვიყოთ.

მაგრამ ყველამ იცის, დღეს რა არის მთავარი პრობლემა. ეს არის Patriot-ის რაკეტები.

ასევე ნახეთ

ტრამპის თქმით, აშშ უკრაინას მისცემს ლიცენზიას Patriot-ის რაკეტების საწარმოებლად

ბოლო თავდასხმის დროს კიევი ბალისტიკური რაკეტებით ისე დაცხრილეს, როგორც ტირში. და, სამწუხაროდ, ვერ ვხედავ, საიდან შეიძლება უახლოეს პერიოდში მივიღოთ იმდენი ჩამომგდები (გადამჭერი) რაკეტა, რამდენიც რეალურად გვჭირდება.

პრეზიდენტმა თქვა: თუ რუსეთი 70 ბალისტიკურ რაკეტას უშვებს, მათ გასანადგურებლად საჭიროა 140 ჩამომგდები (გადამჭერი) რაკეტა, რადგან ერთი ბალისტიკური რაკეტის ჩამოსაგდებად ორი ანტიბალისტიკური რაკეტის გაშვებაა აუცილებელი.

წარმოიდგინეთ, რომ რუსეთი კვირაში ერთხელ მაინც ახორციელებს ასეთ იერიშს. გამოდის, რომ თვეში გვჭირდება დაახლოებით 560 ჩამომგდები რაკეტა. ამ დროს შეერთებული შტატები წელიწადში დაახლოებით 600 ასეთ რაკეტას აწარმოებს.

ანუ ჩვენ ერთ თვეში თითქმის იმდენი ჩამომგდები რაკეტა გვჭირდება, რამდენსაც ამერიკა მთელი წლის განმავლობაში აწარმოებს. აი, ეს არის მთელი მათემატიკა.

ასევე ნახეთ

ნატოს სამიტზე უკრაინა პარტნიორებს შეუთანხმდა საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაზე

უკრაინის პრეზიდენტი ამბობს: ჩვენ მოლაპარაკებების მომხრე ვართ, სამიტის მომხრე ვართ, გვინდა, რომ ეს ყველაფერი დასრულდეს. რადგან, რა თქმა უნდა, ომის მთავარი გამჩაღებელი ჩვენ კი არა, რუსეთია. დიპლომატიური თვალსაზრისით, ის ყველაფერს სწორად ამბობს. ალბათ, შიდა პოლიტიკის თვალსაზრისითაც. საზოგადოების ნაწილს ასეთი განცხადებები გარკვეულწილად ამშვიდებს.

მაგრამ მხოლოდ ჩვენი სურვილი საკმარისი არ არის. როდესაც ვუყურებ, რა სურს პუტინს, ვერ ვხედავ ვერც ერთ ინდიკატორს იმისა, რომ ის მზად იყოს დათმობებზე წავიდეს ან თავისი აგრესია შეანელოს.

დმიტრო კულება და ოლგა სნიცარჩუკი

რამდენად რეალურია არჩევნების ჩატარება?

დღეს არჩევნების არჩატარების მთავარი არგუმენტი ეფუძნება ვარაუდს, რომ ომი მალე დასრულდება და შემდეგ ყველაფერს ნორმალურად ჩავატარებთ.

მე კი ვთავაზობ ყველას, ორი მარტივი კითხვა დაუსვას საკუთარ თავს. პირველი - რა მოხდება, თუ ომი უახლოეს მომავალში არ დასრულდება? და მეორე - ვინ თქვა, რომ ომის შემდეგ ჩატარებული არჩევნები უფრო ცივილიზებული იქნება, ვიდრე ომის დროს, პოლიტიკური პროცესის მონაწილეთა ქცევის თვალსაზრისით? ომის დროს ადამიანები ნაწილობრივ მაინც აცნობიერებენ პასუხისმგებლობას საკუთარ სიტყვებსა და ქმედებებზე.

ასევე ნახეთ

როგორ შეცვალა გაციფრულებამ და ხელოვნურმა ინტელექტმა ომი უკრაინაში

“შემოდგომაზე არჩევნები არ ჩატარდება”

და თუ სწორად მახსოვს, საჯაროდაც ითქვა, რომ არჩევნების მოსამზადებლად მინიმუმ სამი თვეა საჭირო. ახლა ივლისის დასაწყისია. ეს ნიშნავს, რომ თუ არჩევნები ოქტომბერში უნდა ჩატარდეს, ცეცხლის შეწყვეტა უკვე დღეს უნდა მომხდარიყო.

ნორმალურია, რომ პრეზიდენტი და ელჩი ერთმანეთს ხვდებიან? რა თქმა უნდა, ნორმალურია. ნორმალურია ისიც, რომ ქვეყნის ორი ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე ადამიანი ერთმანეთს ესაუბრება.

ბევრად უარესი იქნებოდა, მათ შორის პოლიტიკური ანტაგონიზმი რომ არსებობდეს და საერთოდ არ ურთიერთობდნენ. ამიტომ ვერ ვხვდები, რატომ აღიქმება ყოველი ასეთი შეხვედრა სენსაციად და რატომ კეთდება მისგან შორს მიმავალი დასკვნები.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი (მარჯვნივ). კიევი, 2024 წლის 8 თებერვალი.

ყველა ურთიერთობს, ყველა ცდილობს კოალიციების ჩამოყალიბებას. ეს ჩვეულებრივი პოლიტიკური პროცესია. ე.ი. ბუდანოვი შემთხვევით არ გამხდარა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, არა?

თუ ვიღაცასთან ღია დაპირისპირებაში ხარ, მაშინ რატომ უნდა გაერთიანდე მასთან, თუნდაც დროებით? ამიტომ ეს სრულიად ბუნებრივი პროცესია.

სიმართლე გითხრათ, ვერ ვხვდები, რატომ აკვირდება ამას ყველა ასეთი ინტერესით. ალბათ იმიტომ, რომ პოლიტიკა თავისთავად საინტერესო სფეროა და ადამიანები მუდმივად ეძებენ ახალ ღირშესანიშნაობებს.

-რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, რომ ადამიანები ამაზე ფიქრობენ. ჩემი ადამიანური პატივმოყვარეობა ამით კმაყოფილია. ეს დიდი პასუხისმგებლობაა. მაგრამ, შეხედეთ, მე არც ერთ რეიტინგში არ ვფიგურირებ. საერთოდ საიდან ჩნდება ასეთი ვარაუდები?

მეორე - ამაზე სასაუბროდ უბრალოდ არ არსებობს საფუძველი. გულწრფელად გეუბნებით, რადგან არჩევნები არც ტარდება. არჩევნებზე არ ვფიქრობ იმ კონტექსტში, მივიღებ თუ არა მასში მონაწილეობას. სხვათა შორის, დღემდე შინაგანად ვერ შევეგუე სიტყვას „პოლიტიკოსი“.

ასევე ნახეთ

“რუსეთის ფედერაცია განწირული პროექტია” - ვიაჩესლავ ბოდროვი

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ვისაუბროთ არა მხოლოდ დღევანდელ დღეზე, არამედ იმაზეც, თუ როგორი ქვეყნის აშენება გვინდა. თითოეულმა ჩვენგანმა - ჟურნალისტმა, პოლიტიკოსმა, ყოფილმა მინისტრმა თუ უბრალოდ მოქალაქემ - მომავალზე უნდა იფიქროს და მასზე ილაპარაკოს.

სწორედ ამიტომ ვარ ამ საზოგადოებრივი დისკუსიის მონაწილე. მაგრამ ამას არ ვაკეთებ იმის გამო, რომ არჩევნებისთვის ვემზადები. არჩევნები არ არის და უახლოეს მომავალშიც არ იქნება. იქნება ომი. და ამის შესახებ ერთმანეთს გულწრფელად უნდა ველაპარაკოთ და შესაბამისად ავაწყოთ ჩვენი ცხოვრებაც. <…> დღეს ჩემი მთავარი იდენტობა არის – უკრაინის მოქალაქე. მიმაჩნია, რომ ეს ძალიან საპასუხისმგებლო სტატუსია და უზარმაზარ სამუშაოს მოითხოვს.

კულებას გადადგომა – რა დარჩა კადრს მიღმა?

მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს ყველაფერი ამ ფორმულირების მიღმა უნდა დარჩეს. საკუთარი სიამაყე გვერდზე უნდა გადავდოთ - სიამაყე კი ცოდვაა - და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ქვეყანამ გაიმარჯვოს.

ამიტომაც ავირჩიე სწორედ ასეთი ნეიტრალური დიპლომატიური ფორმულირება: უკრაინის უმაღლესმა რადამ ჩემი გადადგომა დაამტკიცა. ეს ფაქტობრივად ზუსტი ფორმულირებაა.

მაგრამ ვთქვი, რომ, პირველ რიგში, 2024 წელს საკუთარ თავს უკრაინის გარეთ ვერ წარმოვიდგენდი. მეორე - უარი მხოლოდ ამ შეთავაზებაზე არ მითქვამს. როდესაც სხვადასხვა კომპანიამ და უნივერსიტეტმა შემომთავაზა, მათთან სამუშაოდ საზღვარგარეთ გადავსულიყავი, ყველას ერთი და იგივე პასუხი გავეცი: მხოლოდ ერთი პირობა მაქვს - ნებისმიერ საქმეს, რომელსაც შევასრულებ, უკრაინაში ცხოვრებით უნდა ვაკეთებდე.

ამიტომ, როდესაც ჰარვარდის უნივერსიტეტმა შემომთავაზა, ამერიკაში გადავსულიყავი და იქ მესწავლებინა, ვუპასუხე: არა, უკრაინაში ვიცხოვრებ, მაგრამ შეგვიძლია დისტანციურად თანამშრომლობა. შემდეგ პარიზშიც მიმიწვიეს ლექციების წასაკითხად. მათაც ვუთხარი: უკრაინაში ვიცხოვრებ, ლექციების წასაკითხად ჩამოვალ და მაშინვე სახლში დავბრუნდები-მეთქი.

<…> თუმცა საინტერესო რამ მოხდა. როგორც კი სამინისტროდან წასვლის შემდეგ ჩემი ცხოვრება ავაწყვე პრინციპით: უკრაინაში ვიცხოვრებ, თუმცა უცხოურ ორგანიზაციებთან ვითანამშრომლობ, თითქმის მაშინვე ჩემ წინააღმდეგ სოციალურ ქსელებში დაიწყო მასშტაბური საინფორმაციო კამპანია. წერდნენ, თითქოს ქვეყნიდან გავიქეცი. ამტკიცებდნენ, რომ ჩემი შვილი ამერიკაში ცხოვრობს, ხოლო მე ხან აშშ-ში, ხან პოლონეთში, ხან კიდევ სხვა ქვეყანაში გადავბარგდი.

ასევე ნახეთ

პუტინის ყველაზე რთული არჩევნები: ომი, ეკონომიკური კრიზისი და კრემლის შიშები

დღეს უკრაინული პოლიტიკა, შეიძლება ითქვას, რემისიის ფაზაშია. 2025 წლის მწვავე პოლიტიკური კრიზისის შემდეგ ვითარება მეტ-ნაკლებად დაბალანსდა და დამშვიდდა. რა თქმა უნდა, პრობლემები კვლავ უამრავია. მუდმივად განიხილება: აქ ეს არ მუშაობს, იქ ის არ მუშაობს. მაგრამ თუ სახელმწიფოს მაკროდონეზე შევხედავთ, უკრაინული პოლიტიკა ამჟამად შედარებით დაბალანსებულ მდგომარეობაშია.

ჩემი აზრით, ეს ძირითადად ორი ფაქტორით გახდა შესაძლებელი. პირველი - ანდრი ერმაკის მიერ სახელმწიფო მართვის სისტემიდან ფაქტობრივი ჩამოშორებით. ახლა ვიღაც იტყვის: „არსად წასულა“. მაგრამ პროცესებს მაკროდონეზე თუ შევხედავთ, სურათი სწორედ ასეთია. ხოლო მეორე ფაქტორი, ზელენსკისა და ბუდანოვის შორის ჩამოყალიბებული პარტნიორობაა.

კირილო ბუდანოვი, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. კიევი, 2026 წლის 3 აპრილი

საუბარია ორ ადამიანზე, რომელთაგან ერთს ქვეყანაში ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვს, მეორეს კი - მესამე.

როცა ქვეყანაში სამი ძალიან რეიტინგული ლიდერია, მათი თანაარსებობის მხოლოდ სამი მოდელი შეიძლება არსებობდეს. პირველი - პარტნიორობა. მეორე - ომი. მესამე - მშვიდობიანი თანაარსებობა. ანუ არც ომი და არც განსაკუთრებული თანამშრომლობა, უბრალოდ თანაარსებობა.

თუ ისინი ერთმანეთთან ომში იქნებოდნენ, ეს ქვეყანას დააზიანებდა. ჩვენი ისტორია გვასწავლის, რომ როდესაც საზოგადოებრივი მხარდაჭერის მქონე ლიდერები ერთმანეთთან ბრძოლას იწყებენ, ეს საბოლოოდ უკრაინული სახელმწიფოებრიობის კრახით სრულდება.

ამის მაგალითია ივან ვიგოვსკისა და პოლტავის პოლკოვნიკ მარტინ პუშკარის დაპირისპირება. ვისაც აღარ ახსოვს, ვიგოვსკი ჰეტმანი იყო ბოგდან ხმელნიცკის შემდეგ.

მეორე მაგალითია პავლო სკოროპადსკისა და სიმონ პეტლიურას კონფლიქტი. ლიდერების უუნარობა, ერთმანეთთან შეთანხმებას მიაღწიონ, და ლოგიკა, „მას ჩამოვიშორებ და უკეთესი ვიქნები“ უკრაინული სახელმწიფოებრიობის განადგურების გზაა. ამიტომ ომი ცუდია.

ასევე ნახეთ

ბუდანოვი, მალიუკი, შმიჰალი და სხვა… - რას “ერჩის” ზელენსკი თავის კადრებს?

მშვიდობიანი თანაარსებობა - ეს ნორმალურია. ამ შემთხვევაში არც ვკარგავთ რამეს და არც განსაკუთრებულად ვიგებთ. ყველა თავის თამაშს თამაშობს და გარკვეულ „წითელ ხაზებს“ არ კვეთს. პარტნიორობა კი ქვეყანას დამატებით ღირებულებას აძლევს. ყველას თავისი შესაძლებლობები აქვს. როდესაც ეს შესაძლებლობები ერთიანდება, საბოლოოდ ქვეყანა მოგებული რჩება.

ჩემი სუბიექტური შეფასებით, შესაძლოა ვცდებოდე, მაგრამ დღეს ზელენსკისა და ზალუჟნის შორის სწორედ მშვიდობიანი თანაარსებობის მოდელია ჩამოყალიბებული, ხოლო ზელენსკისა და ბუდანოვის შორის - პარტნიორობა.

და ორივე ეს მოდელი დღეს უკრაინის სახელმწიფოს მდგრადობას ემსახურება. სამივე ლიდერი პასუხისმგებლიანი უკრაინელი პოლიტიკოსივით იქცევა.

სხვათა შორის, ჩვენ სათანადოდ ვერ ვაფასებთ, რამდენად მძიმე მდგომარეობაში იყო უკრაინული პოლიტიკა 2025 წელს. ფაქტობრივად, თითქმის ყველა ყველას წინააღმდეგ იბრძოდა.

ზელენსკისთან და ერმაკთან ურთიერთობის შესახებ

როდესაც 2026 წლის იანვარში პრეზიდენტს შეხვდით, ეს ჩვენი პირველი შეხვედრა იყო მას შემდეგ, რაც უკრაინის უმაღლესმა რადამ ჩემი გადადგომა დაამტკიცა. მაშინ სრულიად გულწრფელად ვუთხარი: დღეს მხოლოდ ერთი რამ მაინტერესებს - უკრაინის გამარჯვება და, რომ მაქვს შესაძლებლობები, მაქვს საკუთარი რესურსი, რომლებსაც ამ საქმეს ვახმარ. პრეზიდენტმა მიპასუხა, რომ ამ მიდგომას იზიარებს. ვუთხარი, რომ განსაკუთრებული დახმარებაც კი არ მჭირდება, მჭირდება მხოლოდ იმის შესაძლებლობა, რომ ჩემი საქმე ვაკეთო. და, როგორც მომეჩვენა, ამ საკითხში სრული ურთიერთგაგება გვქონდა.

ყირიმის პლატფორმის სამიტი. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი ანდრეი იერმაკი (მარცხნივ), უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი (ცენტრში), უკრაინის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი დმიტრო კულება (მარჯვნივ). 2021 წლის 23 აგვისტო

თუ პრეზიდენტი დამირეკავს და მეტყვის: „დმიტრო, ვფიქრობ, ახლა უკრაინისთვის სწორი იქნება, თუ სწორედ ამ პოზიციაზე იმუშავებ“, უარის თქმა ძალიან გამიჭირდება.

ეს არ იქნება ჩემი პირადი სურვილების საკითხი, არამედ იმის შესაძლებლობა, რომ ომის დროს ქვეყანას გამოვადგე. თუმცა, თავად ვეძებ თუ არა ასეთ დანიშვნებს? არა, არ ვეძებ.

– ინიციატივების თვალსაზრისით რამდენად აქტიური იყავით? თქვენი აზრით, რომელი ინიციატივები განხორციელდა და რომლები ჩაიშალა?

– სიმართლე გითხრათ, ზელენსკისთან უკრაინის საგარეო პოლიტიკის შინაარსთან დაკავშირებით პრაქტიკულად არანაირი უთანხმოება არ მქონია. მხოლოდ ერთი გამონაკლისი იყო - ბელარუსი.

სრულმასშტაბიანი ომის დაწყებამდეც მე მინსკის მიმართ უფრო ხისტი პოლიტიკის მომხრე ვიყავი. პრეზიდენტი კი მიიჩნევდა, რომ ბელარუსთან ურთიერთობაში უფრო ფრთხილად, მშვიდად და გონივრულად უნდა გვემოქმედა. საერთო ჯამში კი, დღესაც არ მაქვს პრინციპული შენიშვნები ზელენსკის საგარეო პოლიტიკის მიმართ. მაკროდონეზე ის ყველაფერს სწორად აკეთებს.

დაძაბულობა უკრაინასა და პოლონეთს შორის - რა იქნება შემდეგ?

უბრალოდ, უკრაინა-პოლონეთის ურთიერთობების ამ „კვადრატულ მეტრზე“ ერთმანეთს ორი ძალიან ძლიერი, ძალიან „მაჩო“ პოლიტიკური ფიგურა შეეჯახა - ზელენსკი და ნავროცკი. და ვერც ერთი მათგანი სისუსტის გამოვლენის უფლებას ვერ აძლევს საკუთარ თავს. რადგან ორივემ იცის: თუ ახლა ერთმა დათმო, მეორე კიდევ უფრო ძლიერ ზეწოლას დაიწყებს. და ეს უკვე მხოლოდ პირადი მარცხი აღარ იქნება - ეს შენი ქვეყნის ინტერესების დაზიანებად იქცევა.

სამწუხაროდ, ამიტომ მოვლენები, დიდი ალბათობით, ესკალაციის მიმართულებით განვითარდება. თუმცა მთავარი მიზეზი მხოლოდ ეს არ არის. უპირველესი მიზეზი ისაა, რომ პოლონეთის პოლიტიკა გახდა ანტიუკრაინული.

ასევე ნახეთ

ვინ მოხვდება უკრაინის ეროვნულ პანთეონში და რატომ აპროტესტებს ამას პოლონეთი?

– თუმცა კლასიკური დიპლომატიის დრო თითქოს უკვე წარსულს ჩაბარდა.

პოლონეთი უკრაინის წინააღმდეგ პოლიტიკურ ომს აწარმოებს

თუ პოლონეთის მხრიდან მუდმივად იზრდება ზეწოლა, ჩვენ კი მხოლოდ უკან ვიხევთ და კონფლიქტის თავიდან აცილებას ვცდილობთ, მაშინ სად არის ის ზღვარი, რომლის შემდეგაც უკან დახევა უკვე აღარ შეიძლება?

მარტივ მაგალითს მოვიყვან.

ერთი წლის წინ უკრაინა-პოლონეთის ურთიერთობებში მთავარი პრობლემა ვოლინის ტრაგედიის მსხვერპლთა ექსჰუმაციის აკრძალვა იყო. ყველა ამაზე ლაპარაკობდა. იყო კამათი, ხმამაღალი განცხადებები, მუქარები. საბოლოოდ უკრაინამ ეს პრობლემა გადაჭრა. ფაქტობრივად ცალმხრივად.

რამდენადაც ვიცი, უკრაინის მთავარი თხოვნა პოლონეთის მიმართ იყო მონასტირის მთაზე მდებარე იმ მემორიალის სრულად აღდგენა, რომელიც შინსახკომთან (НКВД) ბრძოლაში დაღუპულ УПА-ს (უკრაინის მეამბოხე არმია) მებრძოლებს ეძღვნება. ეს მემორიალი ერთ დროს დაანგრიეს, შემდეგ აღადგინეს, მაგრამ დაღუპულთა სახელების გარეშე. უკრაინა ითხოვდა მის სრულფასოვან აღდგენას. ეს დღემდე არ მომხდარა.

უკრაინამ ექსჰუმაციების ჩატარების შესაძლებლობა გახსნა. პოლონეთმა თქვა: „გმადლობთ, ამას ძალიან ვაფასებთ.“

ცოტა ხნით ყველაფერი დამშვიდდა. და უცებ „ბახ!“ - ახალი, ძალიან მძიმე კრიზისი. უკვე არა ბანდერას ან შუხევიჩის გამო, არამედ იმიტომ, რომ უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალების ერთ-ერთ ქვედანაყოფს УПА-ს გმირების სახელი მიენიჭა. ახლა ეს გახდა ჩვენი მთავარი პრობლემა.

უნდა გქონდეს საკუთარი პოზიცია და ბოლომდე იცავდე მას

ახლა რა ვქნათ, ამ ქვედანაყოფს სახელი გადავარქვათ? რა თქმა უნდა, ეს არ მოხდება. და არც უნდა მოხდეს, რადგან ამას აზრი არ აქვს. დარწმუნებული ვარ, ექვს თვეში ახალი სკანდალი გაჩნდება.

კვლავ იტყვიან, რომ „რაღაც არასწორად გავაკეთეთ“. რადგან აქ ორი სრულიად განსხვავებული ლოგიკა მოქმედებს. პოლონეთის მხრიდან - შეტევითი, უკრაინის მხრიდან - თავდაცვითი.

და ზელენსკის ეს ძალიან კარგად ესმის. მან პოლონეთის ხელისუფლებასთან ურთიერთობის სხვადასხვა ეტაპი გაიარა და დაინახა, რომ მხოლოდ თავდაცვითი ტაქტიკა არ მუშაობს.

საკუთარი პოზიცია უნდა დაიკავო და ბოლომდე დაიცვა. როგორც დონბასში - დაიკავე ხაზი და აღარ დათმო.

პირველი - პრეზიდენტმა სპეციალური ოპერაციების ძალების ერთ-ერთ ქვედანაყოფს УПА-ს გმირების სახელი მიანიჭა. არ ვფიქრობ, რომ პოლონეთში ყველას სჯერა, თითქოს მან ეს სპეციალურად, კონფლიქტის გამოსაწვევად გააკეთა. დარწმუნებული ვარ, ასეთი მოტივით არ ხელმძღვანელობდა.

და საერთოდ, ჩვენ ხომ რუსეთს არ ვეკითხებით, რა სახელები დავარქვათ ჩვენს ქუჩებს. მოსკოვს თუ არ ვეკითხებით, შეიძლება თუ არა ჩვენს ქუჩას კონოტოპის ბრძოლის სახელი ერქვას, ან მაზეპას ძეგლი დავდგათ? მაშინ რატომ უნდა ვკითხოთ ეს პოლონეთს?

ამ გადაწყვეტილებას სრულიად ნორმალურად ვუყურებ. პრეზიდენტმა გადაწყვეტილება მიიღო.

საკითხების მეორე ბლოკი - ორდენის დაბრუნების ამბავი…

ნავროცკიმ თავისი ნაბიჯი უკვე გადადგა. მანამდე ზელენსკიმ პოლონეთში ანდრი სიბიჰა და კირილო ბუდანოვი გაგზავნა. ისინი ცდილობდნენ ამ სიტუაციის განმუხტვას, მაგრამ ეს არ გამოვიდა და ამის შემდეგ ზელენსკიმ ორდენის დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. მე ამ გადაწყვეტილებას სრულიად ნორმალურად ვაფასებ.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი (მარცხნივ) და პოლონეთის პრეზიდენტი კაროლ ნავროცკი. ვარშავა, პოლონეთი, 2025 წლის 19 დეკემბერი.

და ძალიან მიხარია, რომ უკრაინის სხვა პრეზიდენტებიც ანალოგიურად მოიქცნენ, რადგან ეს პოლიტიკური ერთიანობისა და სიმწიფის უპრეცედენტო გამოვლინება იყო.

მესამე ბლოკი - ზელენსკიმ სიბიჰა ვარშავაში კონსტრუქციული წინადადებებით გაგზავნა. არ მგონია, ამან შედეგი გამოიღოს, მაგრამ თავად ეს ნაბიჯი სწორია. ამიტომ ვერ ვხედავ მიზეზს, რატომ არ უნდა დაუჭირო მხარი ზელენსკის პოზიციას ამ ვითარებაში.

რას შეცვლის ეს კონფლიქტი და რა შუაშია აქ რუსეთისა და პუტინის ახალი გეგმები?

უკრაინა-პოლონეთის ბოლო კრიზისის შემდეგ გამოქვეყნდა რეიტინგები და ნავროცკიმ პიკური მხარდაჭერა მიიღო. ამის შემდეგ რას აკეთებენ მემარჯვენე პოლიტიკოსები? ხედავენ, რომ ეს მუშაობს და ფიქრობენ: „მოდი, უკრაინას კიდევ უფრო მაგრად დავარტყათ.“

და რაღა დარჩენია მეორე პოლიტიკურ ბანაკს - ტუსკს, სიკორსკისა და სხვებს? ისინიც ხედავენ, რომ თუ უკრაინის მიმართ უფრო ხისტი პოზიცია არ დაიკავეს, ამომრჩეველს კონკურენტები წაართმევენ.

მინახავს, როგორ წერდნენ უკრაინულ სოციალურ ქსელებში, თითქოს დონალდ ტუსკმა „თავი დაიწვა“, როდესაც განაცხადა, რომ ნატოს სამიტზე პოლონეთის დელეგაცია უკრაინის მიმართ ზედმეტად გულუხვი არ უნდა ყოფილიყო და რომ „პოლონეთის კეთილი ნება დასრულდა.“

მაშინვე დაიწყეს ლაპარაკი: „ტუსკი უნდა “დავაქანსელოთ”, ის ნავროცკისგან არაფრით განსხვავდება.“ არა. ის ნავროცკი არ არის. უბრალოდ, მას ესმის, რომ გარკვეულწილად მკაცრი ტონი უნდა შეინარჩუნოს, რადგან საუბარია მის არჩევნებზე და ხვალ შესაძლოა საერთოდ აღარ იყოს პოლონეთის პოლიტიკაში.

ასევე ნახეთ

პოლონეთის პრემიერი აცხადებს, რომ თუ უკრაინას დაძაბულობის შემცირება სურს, თავისი ისტორია უნდა გაიაზროს

ჩვენ კი გვინდა, რომ ხვალ პრეზიდენტიც ნავროცკი იყოს და პოლონეთის მთავრობაც „ოცი პატარა ნავროცკისგან“ შედგებოდეს? უნდა გვესმოდეს, როგორ ვითარდება პოლონეთის შიდა პოლიტიკა.

ამიტომ, ჩემი აზრით, პოლონეთში არჩევნების დასრულებამდე უკრაინა-პოლონეთის ურთიერთობების დეესკალაციის შანსი თითქმის ნულის ტოლია.

– პირველ რიგში, ჟეშუვის მნიშვნელობა დღეს უკვე ისეთი აღარ არის, როგორიც 2022–2023 წლებში იყო. მეორეც - ამ ჰაბის მუშაობის შეწყვეტა აღარ იქნება პოლონეთისა და უკრაინის კონფლიქტი. ეს უკვე იმ ქვეყნების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი იქნება, რომლებიც ჟეშუვს საკუთარი სამხედრო მიწოდებებისათვის იყენებენ. არ ვფიქრობ, რომ პოლონეთი ასეთი ესკალაციითაა დაინტერესებული.

სამხედრო თვალსაზრისით, ვფიქრობ, უკრაინასა და პოლონეთს შორის თანამშრომლობა გაგრძელდება. მაგრამ პოლიტიკურ დონეზე პოზიცია, სავარაუდოდ, ამერიკული მოდელის მსგავსი იქნება: ნებისმიერი უფასო დახმარების პროგრამა უნდა შეწყდეს. თუ უკრაინას რაიმე სჭირდება, იყიდოს.

„პოლონეთში ანტიუკრაინულობის შეჯიბრი მიმდინარეობს“

აი, მაგალითად, კომიკური ისტორია МиГ-29-ის თვითმფრინავებთან დაკავშირებით, როდესაც პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ურჩევნიათ თვითმფრინავები ჯართად დაჭრან, ვიდრე უკრაინას გადასცენ. ეს უკვე უბრალოდ ცირკია.

დღეს პოლონეთში ერთგვარი შეჯიბრია - ვინ უფრო ანტიუკრაინული იქნება. და ჩვენ ამაზე ვერანაირ გავლენას ვერ მოვახდენთ, რადგან იქ უკვე მიხვდნენ, რომ სწორედ ამაზე წყდება არჩევნების ბედი.

– დიახ. უპირველეს ყოვლისა, არ უნდა ჩავვარდეთ ანტიპოლონურ რიტორიკაში. არ უნდა ავყვეთ ემოციებს. უნდა ვთქვათ, რომ კონსტრუქციული დიალოგისთვის მზად ვართ, მაგრამ ამავე დროს უნდა მოვერიდოთ ნებისმიერ ნაბიჯს, რომელიც ისე შეიძლება აღიქვან, თითქოს პოლონეთს შეუძლია უკრაინის შიდა გადაწყვეტილებების კარნახი.

ევროკავშირი: მთავარი პრობლემა არა უკრაინა, არამედ თავად ევროკავშირია

უკრაინა ევროკავშირის წევრი აუცილებლად გახდება. მაგრამ ეს გზა ძალიან მტკივნეული იქნება, რადგან ცენტრალური ევროპის ჩვენი მეზობლები ჩვენთან ზუსტად იმას გააკეთებენ, რაც თავის დროზე დასავლეთ ევროპის ქვეყნებმა მათ გაუკეთეს. მაშინ მათთვის ეს ძალიან მტკივნეული იყო, მაგრამ ეს გზა მაინც გაიარეს. ახლა კი, როგორც ჩანს, თავადაც უნდათ, იგივე სხვას გადაატანინონ.

ჩემი აზრით, ევროკავშირში გაწევრიანების მთავარი გასაღები არა რეფორმირებული უკრაინა, არამედ რეფორმირებული ევროკავშირია. დღეს ევროკავშირი უკვე სრულად ფუნქციური აღარ არის. წარმოიდგინეთ, რომ კავშირში ერთდროულად შედიან უკრაინა, მოლდოვა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები. ამ პირობებში გადაწყვეტილებების კონსენსუსის წესით მიღება პრაქტიკულად ქმედუუნარო გახდება.

მეორე აუცილებელი რეფორმა ფინანსურ სფეროს ეხება. ჩვენი ცენტრალური ევროპელი მეზობლების მთავარი შიში ის არის, რომ ფინანსური რესურსები, რომლებსაც ისინი დღემდე ევროკავშირის ფონდებიდან იღებდნენ, მომავალში უკრაინისკენ გადამისამართდება.

ამიტომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება ორ რამეზეა დამოკიდებული: ვეტოს უფლებასა და ფულზე. როდესაც გადაწყდება ვეტოს უფლების საკითხი და დაფინანსების სისტემა ისე რეფორმირდება, რომ ყველა ქვეყანა დარწმუნებული იქნება - საკუთარ რესურსებს არ დაკარგავს, მაშინ უკრაინა ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი გახდება.

მაგრამ თავად გაწევრიანების ლოგიკა გარდაუვალია, რადგან ევროკავშირი შეიქმნა იმისთვის, რომ ევროპა ყოფილიყო უსაფრთხო და კეთილდღეობით სავსე სივრცე.

პოლონეთი უკრაინის მიმართ რუსეთის გზას დაადგა

ჩვენ ხომ გვიყვარს იმის გახსენება, როგორ დაეხმარნენ უკრაინის სახალხო რესპუბლიკის ჯარები ვარშავის დამცველებს, როგორ ათავისუფლებდნენ ზამთრის ლაშქრობის დროს პოლონელი და უკრაინელი სამხედროები ერთად კიევს ბოლშევიკებისგან. ჩვენ ამით ყველა ვამაყობთ. მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ეს მხოლოდ ხანმოკლე მომენტები იყო უკრაინა-პოლონეთის ურთიერთობებში. რადგან ამ მოვლენების დასრულების შემდეგ პოლონეთის პოლიტიკა უკრაინის მიმართ ისევ თავის ბუნებრივ მდგომარეობას უბრუნდებოდა.

ასეც იქნება ამჯერადაც. თუ რუსეთი პოლონეთს თავს დაესხმება, დადგება მომენტი, როდესაც ისტორიული საკითხები მეორე პლანზე გადაიწევს და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა პრიორიტეტული გახდება. მაგრამ როგორც კი ეს საფრთხე გაქრება - ყველაფერი ისევ ძველ კალაპოტს დაუბრუნდება.

რადგან როდესაც მესმის საუბარი Kresy Wschodnie-ზე (პოლნური სახელდება უკრაინის ტერიტორიაზე მდებარე Східні креси-სა), მიჩნდება კითხვა: რა განსხვავებაა ამ პროექტსა და „ნოვოროსსიას“ შორის? როდესაც მესმის, რომ ლვოვი პოლონური ქალაქია, რით განსხვავდება ეს იმ განცხადებებისგან, რომ ხარკოვი ან ოდესა რუსული ქალაქებია? როდესაც მოსკოვი უკრაინის „დენაციფიკაციაზე“ საუბრობს, ახლა კი მსგავსი განცხადებები პოლონეთშიც იწყებს გაჟღერებას.

განსხვავება მხოლოდ ისაა - და ეს ფუნდამენტური განსხვავებაა - რომ რუსეთში მთელი სახელმწიფო მექანიზმი ამ ხედვას ემსახურება, პოლონეთში კი ასეთი შეხედულებები მხოლოდ პოლიტიკური კლასის ნაწილს აქვს გაზიარებული.

ამიტომ არ ვამბობ, რომ პოლონეთი რუსეთია. ვამბობ, რომ პოლონეთი უკრაინის მიმართ რუსეთის პოლიტიკის გზას დაადგა, მაგრამ ამის შეცვლა ჯერ კიდევ შესაძლებელია. და იმედი მაქვს, რომ ეს მოხერხდება.

ასევე ნახეთ

“ანკორიჯის აორთქლებული სულისკვეთება” - რას ელოდა და რას იღებს რუსეთის პრეზიდენტი

← მთავარი