კრიზისი ოკუპირებულ ყირიმსა და რუსეთში – უკრაინის "შორი რადიუსის სანქციების" შედეგები
ბოლო დღეებში უკრაინის მიერ ფრონტის ხაზიდან შორს, დრონებითა და რაკეტებით მიტანილი, უკვე რუტინად ქცეული და მზარდად ეფექტიანი იერიშები სრულმასშტაბიანი ომის მეოთხე წელს პუტინის ომის წარუმატებლობის მორიგ თვალსაჩინო მაგალითად იქცა.
“შორი რადიუსის სანქციები” – ასე უწოდებს ზელენსკი უკრაინის მიერ წარმოებულ კამპანიას, რომლის სამიზნეც რუსული ნავთობინფრასტრუქტურა, ლოგისტიკური ხაზები და კრემლის ომის მანქანის სხვა საკვანძო ელემენტებია.
უკვე ცხადია, რომ უკრაინის დარტყმების შედეგი მხოლოდ ცაში ატყორცნილი რეზერვუარების სახურავებითა და შავ კვამლში გახვეული ქალაქებით აღარ იზომება. კამპანიის წარმატების მაჩვენებელი ახლა უკვე აგრესორი ქვეყნის შიგნით, ბენზინგასამართ სადგურებთან გაჩენილი გრძელი რიგები, საწვავის გაცემაზე დაწესებული შეზღუდვები და მოქალაქეების მზარდი უკმაყოფილებაც გახდა – ყოველივე ეს კი აშკარას ხდის, რომ პუტინის ომის შედეგები რუსეთის შიდა ცხოვრებაში სულ უფრო ღრმად აღწევს და დღითი დღე თვალსაჩინო ხდება.
უკრაინის ზეწოლის შედეგად შექმნილი კრიზისის ყველაზე მკაფიო მაგალითად ოკუპირებული ყირიმი იქცა, სადაც კრემლის მიერ დანიშნულ მარიონეტულ მთავრობას ეკონომიკური საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაც მოუწია. ამასთანავე, საწვავის დეფიციტი დროებით ოკუპირებული ნახევარკუნძულის მიღმაც ვრცელდება და რუსეთის უფრო მეტ რეგიონზე ახდენს გავლენას.
28 ივნისს ვლადიმირ პუტინს იმის თქმაც მოუწია, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურაზე უკრაინის დარტყმები პრობლემებს იწვევს. თუმცა, მისი მხრიდან საკითხის სიმწვავის დაკნინების მცდელობა და ძალაუნებურად უკრაინის უნარიანობის აღიარებაც ისევ უკრაინის წარმატებას უსვამს ხაზს.
საწვავის დეფიციტი, რიგები და შეზღუდვები – რა ხდება ყირიმსა და რუსეთში
უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის 52-ე თვეს რუსეთი იძულებული გახდა, რეგიონებში საწვავის გაყიდვაზე შეზღუდვები შემოეღო, მას შემდეგ, რაც უკრაინამ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე იერიშებით საწვავის წარმოება და მიწოდება შეაფერხა, რასაც ბენზინისა და დიზელის დეფიციტი და ბენზინგასამართ სადგურებთან დიდი რიგები მოჰყვა.
თითქმის მთელი რუსეთის მასშტაბით მძღოლებს მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის საწვავის ყიდვა შეუძლიათ. ენერგოინდუსტრიის ლიდერებთან შეხვედრაზე პუტინმა განაცხადა, რომ კრიზისის პასუხად კრემლმა საწვავის რეზერვების გამოყენება დაიწყო, რის შედეგადაც წინა წელთან შედარებით მარაგები 4%-ით შემცირდა.
პრობლემის მასშტაბი ყველაზე ნათლად რუსეთის რეგიონებში შემოღებულ შეზღუდვებში ჩანს. Mediazona-ს მიერ ღია წყაროებზე დაყრდნობით შექმნილი რუკის მიხედვით, საწვავის გაყიდვაზე დაწესებული შეზღუდვები უკვე ქვეყნის 56 რეგიონს შეეხო. აქედან 18-ში შეზღუდვა ადგილობრივმა ხელისუფლებამ დააწესა და ისინი ყველა ბენზინგასამართ სადგურზე ვრცელდება. რუსული დამოუკიდებელი მედიის მიხედვით, როგორც წესი, ეს ზომები გულისხმობს ერთ ავტომობილზე გასაცემი საწვავის მოცულობის შეზღუდვას – ძირითადად, დაახლოებით 30 ლიტრამდე – და მხოლოდ ავტომობილის ავზების შევსებას, ბიდონებში საწვავის ჩასხმის აკრძალვით.
ამასთან, ტელეგრამ-არხები მოიცვა რუსეთის მოქალაქეების მიერ ბენზინგასამართ სადგურებთან გაჩენილი რიგების შესახებ გადაღებულმა ვიდეოებმა. გასულ კვირაში რუსეთის ბაშკორტოსტანის რესპუბლიკის ქალაქ უფაში ადგილობრივის მიერ გადაღებულ ერთ-ერთ ვიდეოში ვისმენთ, რომ ქალაქში “ლუკოილის” ყველა სადგურმა მუშაობა შეაჩერა, “ბაშნეფტის” ექვსი სადგურიდან კი მხოლოდ სამი მუშაობს, დარჩენილ სამზე კი “გიჟური” რიგებია.
ვითარება განსაკუთრებით მძიმეა ყირიმში, რომელიც 2014 წლიდან რუსეთის მიერ არალეგალურად არის ანექსირებული. ნახევარკუნძულზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან ერთად, სრულად შეჩერდა კერძო მძღოლებისთვის საწვავის მიყიდვაც. ხოლო როდესაც მარიონეტულმა მთავრობამ ყირიმის უდიდეს ქალაქ სევასტოპოლში ბენზინის გაყიდვა სცადა, რიგები ერთი ლიტრი საწვავის გასამმაგებულ ფასად შესყიდვაზეც შეიქმნა.
ენერგოინფრასტრუქტურაზე უკრაინის იერიშების შემდეგ ცალკე პრობლემად იქცა სევასტოპოლში ელექტროენერგიის მიწოდებაც, რის გამოც ქალაქში ამოქმედდა ელექტროენერგიის როტაციული მიწოდება. შემოღებული ზომების ფარგლებში ქალაქის ორ ჯგუფად დაყოფილ მომხმარებლებს ელექტროენერგიას მონაცვლეობით, სამსაათიანი ინტერვალებით მიაწვდიან.
უკრაინის მიერ წამოწყებული იერიშების კამპანიამ ხელი შეუშალა ყირიმისთვის მნიშვნელოვანი ზაფხულის ტურისტული სეზონის დაწყებასაც. საწვავის დეფიციტის ფონზე ტუროპერატორები, სასტუმროები და სხვა ობიექტები ჯავშნების გაუქმებების შესახებ იუწყებიან. Moscow Times-ის მიხედვით, ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები ჯერ კიდევ ივნისის პირველ ნახევარში აცხადებდნენ, რომ რუსი დამსვენებლებისთვის პრობლემას საწვავის ხელმიუწვდომლობა წარმოადგენდა. ეს კი იმ ფონზე, როცა ნახევარკუნძულამდე მისასვლელად ტურისტების დაახლოებით 80% მანქანას იყენებს.
გარდა ამისა, რუსულმა ავიაკომპანია “აზიმუტმა” წინა კვირაში განაცხადა, რომ რუსეთში საავიაციო საწვავთან დაკავშირებით შექმნილი კრიტიკული ვითარების გამო ფრენების შესრულებამ “ეკონომიკური აზრი დაკარგა”. რუსულმა კომპანიამ ამის მიზეზად ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებში შექმნილი “ფორსმაჟორული ვითარება” დაასახელა.
კრიზისის სიმწვავეზე მიუთითებს ისიც, რომ ვითარებასთან გასამკლავებლად რუსეთში დიზელის ექსპორტის აკრძალვას, საწვავის იმპორტსა და ნავთობპროდუქტებზე ფასების მკვეთრი ზრდის თავიდან ასაცილებლად შესაბამისი სუბსიდიების შემოღებას განიხილავენ. გასულ კვირას Reuters-ს წყაროებმა აცნობეს, რომ რუსეთი ყაზახეთთან 50 000 მეტრული ტონა AI-92 ტიპის ბენზინის იმპორტთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს მართავს. კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა კი 30 ივნისს დაადასტურა, რომ “მისაღებ ფასებზე” შეთანხმების შემთხვევაში რუსეთი საწვავის იმპორტს დაიწყებს.
როგორ ასუსტებს უკრაინა კრემლის ომის მანქანას
შავი კვამლით დაფარული მოსკოვის ცა, დედაქალაქის მთავარ ნავთობქარხანაზე დრონებით დარტყმები და აფეთქებისგან ჰაერში ატყორცნილი ნავთობის რეზერვუარის სახურავი – ეს კადრები უკრაინის შორი რადიუსის იერიშების ბოლო და ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო სიმბოლოდ იქცა. რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივანი და ყოფილი თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ, ჯერ კიდევ მარტში ღელავდა, რომ უკრაინული დრონები უკვე ურალამდეც კი აღწევდნენ. თუმცა, მოსკოვის ნავთობქარხანაზე უკრაინის თავდასხმას ამ მხრივ განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა, ვინაიდან მომხდარმა უსაფრთხოების ილუზია დაუმსხვრია რუსების იმ ნაწილსაც, რომელიც წლების განმავლობაში ომის შედეგებს თვალს არიდებდა და ცდილობდა, პუტინის ომი შორეულ, მისგან განცალკევებულ მოვლენად წარმოეჩინა.
მაგრამ მოსკოვზე თავდასხმა არ ყოფილა ერთი წარმატებული, შემთხვევითი ოპერაცია. ეს იერიში უკრაინის უფრო მასშტაბური, წინასწარგათვლილი და კონკრეტული შედეგების მიღწევაზე ორიენტირებული კამპანიის ნაწილია, რომლის მიზანიც რუსეთის ნავთობინფრასტრუქტურის, ეკონომიკისა და სამხედრო ლოგისტიკის დასუსტებაა. კიევი ცდილობს, ერთდროულად გააძვიროს და გაართულოს კრემლისთვის ომის წარმოება და, ამავდროულად, შეზღუდოს უკრაინაში ოკუპანტი ძალების მომარაგების უნარი, რათა ფრონტზე რუსეთის, თუნდაც ნელი ტემპით, წინსვლა შეჩერდეს და ნებისმიერი შესაძლებლობისას ოკუპანტებს უკან დაახევინონ.
ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) მიხედვით, საწვავის დეფიციტი უკრაინის მიერ პარალელურად წარმოებული ორი კამპანიის სინერგიის შედეგია: ზოგადად რუსეთის სიღრმეში ნავთობგადამამუშავებელ ინფრასტრუქტურაზე შორი რადიუსის დარტყმები იწვევს საწვავის წარმოების შემცირებას, ხოლო საშუალო რადიუსის იერიშებით უკრაინა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ლოგისტიკურ ხაზებსა და ყირიმის მოსამარაგებელ მარშრუტებზე რესურსების გადაადგილებასაც აფერხებს.
ამ მხრივ, უკრაინის შეიარაღებული ძალების უპილოტო სისტემების ძალების მეთაური, რობერტ “მადიარ” ბროვდი, ივნისის პირველ ნახევარში ამბობდა, რომ მისი მიზანი ოკუპირებული ყირიმის რუსეთისგან იზოლაციაში მოქცევა იყო, რაც ბროვდის მიხედვით, “ახლო მომავალში” მოხდებოდა. მოგვიანებით მანვე დაწერა, რომ ნახევარკუნძული კრემლისთვის “ფსიქოლოგიური გარდატეხის წერტილი” გახდება და “მოსკოვს დაასრულებს”.
უკრაინის თავდაცვის მინისტრმა მიხაილო ფედოროვმა 17 ივნისს ასევე თქვა, რომ დრონებით იერიშების გამო ოკუპირებული ყირიმი მალე იზოლაციაში მოექცეოდა, რამაც შესაძლოა, რუსეთისთვის “ძალიან მოულოდნელი შედეგები გამოიწვიოს”. ამ ფონზე კი უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 25 ივნისს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (SBU) 40-დღიანი ოპერაციის დაწყება დაამტკიცა, რომლის მიზანიც ომის დასამთავრებლად რუსეთზე ზეწოლის გაზრდაა.
მანამდე, 18 ივნისს, მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე იერიშის შემდეგ, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ “შორი რადიუსის სანქციები მოსკოვის რეგიონს მისწვდა,” რასაც მან “სრულად გამართლებული პასუხი” უწოდა უკრაინის ქალაქებზე რუსეთის თავდასხმების შემდეგ. მომდევნო ორი კვირის განმავლობაში მკაფიო გახდა, რომ უკრაინის კამპანიამ რუსეთის საწვავის ბაზარზე ჯაჭვური რეაქცია გამოიწვია, თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, რამდენ ხანს გაგრძელდება და სხვა რა შედეგები მოჰყვება ამ კრიზისს. თუმცა, 25 ივნისს Reuters წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა მუშაობას კიდევ 6 თვის განმავლობაში ვერ განაახლებს.
ყოველივე ამის ფონზე კრემლი თავდაჯერებულობისა და მართვის სადავეებში ყოფნის იმიჯის წარმოჩენას ცდილობს – მოსკოვის ნავთობქარხანაზე უკრაინის წარმატებული დარტყმის შემდეგ პესკოვის მიერ საჰაერო თავდაცვის სისტემების შექებიდან დაწყებული, პუტინის განცხადებით დამთავრებული, რომ კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები “არაკრიტიკული” მნიშვნელობისაა. მაგრამ, რაც უფრო ხელშესახები გახდება უკრაინის კამპანიის შედეგები, მით უფრო გაუჭირდება კრემლს ამ ნარატივის შენარჩუნება.
საწვავის კრიზისის მიუხედავად რუსეთში მთავრობის მიმართ პროტესტის ღიად გამოხატვის შემთხვევები დადასტურებულად ჯერჯერობით არ ჩანს. თუმცა, ვითარებამ რუსეთში საჯარო უკმაყოფილების აშკარა ტალღა გამოიწვია. სოციალურ ქსელებში ვრცელდება მანქანების გრძელი რიგების კადრები, ვისმენთ ჩივილს ფასების მკვეთრი ზრდის გამო და ასევე ვხედავთ მოქალაქეების მოწოდებებს, რომ ნავთობკომპანიების ხელმძღვანელობამ განმარტებები გააკეთოს.
უკრაინის უნარი, შეუძლებელი შესაძლებლად აქციოს
რუსეთის სისუსტეების გამოვლენის გარდა, საწვავის კრიზისი ასევე გვასწავლის, რომ უკრაინის მარცხზე ფსონის დადება, მორალურ ნაკლოვანებასთან ერთად, პრაგმატულადაც უგუნურია. ამ მხრივ პუტინის მოკავშირე ალექსანდრ ლუკაშენკოსთვის, რომელიც უკრაინის 3-4 დღეში დაცემას პროგნოზირებდა, რთული წარმოსადგენი იქნებოდა, რომ ოთხ წელზე მეტი ხნის შემდეგ მას ზელენსკის ულტიმატუმის წინაშე უკან დახევა მოუწევდა.
ომში უკრაინის ერთ-ერთი მთავარი უნარიც სწორედ ეს აღმოჩნდა: დაუღალავი წინააღმდეგობით, ტექნოლოგიური გამომგონებლობითა და ჯიუტი შეუპოვრობით მტრების იმედების გაცრუება და მოკავშირეების მოლოდინების გადაჭარბება. ამ თვისებამ თავი ჯერ კიდევ მაშინ გამოიჩინა, როცა ზელენსკიმ ომის პირველ დღეებში პრეზიდენტ ბაიდენს ევაკუაციის ნაცვლად იარაღი მოსთხოვა.
სწორედ ამავე თვისების წყალობით მოხდა, რომ ბოლო პერიოდში რუსეთზე უკრაინის მიერ მიტანილი იერიშების მიმართ ტრამპი “აღტაცებითა” და “ენთუზიაზმით” განეწყო. როგორც საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, ტრამპმა დაინახა, რომ ყველაფერი, რასაც უკრაინის დამარცხების შესახებ ეუბნებოდნენ, მცდარი აღმოჩნდა. ახლა კი, მაკრონის თქმით, ტრამპის გადმოსახედიდან უკრაინელები “მამაცი და ინოვაციური ხალხი” არიან, რომლებსაც ის პატივს სცემს. თეთრ სახლში მარკ რუტესთან ერთად საუბრისას ტრამპმა ისიც თქვა, რომ ზელენსკი “საკმაოდ კარგად მოქმედებდა”. ხოლო Kyiv Independent-ის მიხედვით, ტრამპმა ზელენსკის პირადი საუბრისას უთხრა, რომ რუსეთის მიმართ “უფრო თამამად” მოქცეულიყო. მას შემდეგ, მაკრონის ცნობით, ტრამპის ადმინისტრაციამ ტექსტურად პირველად განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში აშშ ნეიტრალური შუამავალი აღარ არის და უკრაინას დაეხმარება.
2025 წლის თებერვალში ზელენსკისა და ტრამპს შორის თეთრ სახლში გამართული დაძაბული შეხვედრის შემდეგ ეს ცნობები უკრაინის იმ უნარის დასტურია, რომლითაც ქვეყანა მოწინააღმდეგეებსაც და მოკავშირეებსაც აიძულებს, გადააფასონ მისი შესაძლებლობები და სერიოზულად მიუდგნენ იმ სცენარებს, რომლებიც წარსულში უკრაინის შესაძლებლობებს მიღმა ითვლებოდა.