საქართველომ აშშ-სა და პოლონეთის სამართალდამცველებთან ერთად კრიპტოვალუტის გათეთრების საქმეზე უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავა
საქართველომ ამერიკის შეერთებული შტატებისა და პოლონეთის სამართალდამცველებთან ერთობლივი ოპერაციის ფარგლებში კრიპტოივალუტის გათეთრების საქმეზე უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავა. საქმე ეხება სამი წლის მანძილზე „რამდენიმე ასეული მილიონი აშშ დოლარის ღირებულების“ კრიპტოვალუტის გათეთრებას.რუსეთის საინფორმაციო სააგენტო „ტასმა“ განაცხადა, რომ დაკავებული პირებიდან ერთ-ერთი რუსეთის მოქალაქეა და დასძინა, რომ ეს ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესთა სექციას დაუდასტურა. საინფორმაციო სააგენტოს თქმით, რუსი დაკავებული აშშ-სა და პოლონეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ იძებნებოდა.11 ივნისს გამართულ ბრიფინგზე, რომელსაც აშშ-ის, პოლონეთისა და ადგილობრივი ოფიციალური პირები ესწრებოდნენ, საქართველოს პროკურატურის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ბექა კვიციანმა, განაცხადა, რომ „ფართომასშტაბიანი“ ოპერაცია ერთობლივად ჩაატარეს საქართველოს პროკურატურის, ამერიკის შეერთებული შტატების საიდუმლო სამსახურის, პოლონეთის რესპუბლიკის კიბერდანაშაულთან ბრძოლის ცენტრალური ბიუროსა და ლოძის საოლქო პროკურატურის, ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურების თანამშრომლებმა. სპეციალური ღონისძიება ევროჯასტის და ევროპოლის მხარდაჭერით ჩატარდა.ოპერაციაში საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ამერიკის შეერთებული შტატების, პოლონეთის რესპუბლიკის და საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების 100-მდე თანამშრომელი მონაწილეობდა და საგამოძიებო მოქმედებები საქართველოს ტერიტორიაზე ათეულობით ლოკაციაზე ჩატარდა. ღონისძიების ფარგლებში განხორციელდა ფიზიკური პირების, მათი საცხოვრებელი სახლების, ავტომანქანების და სამუშაო ადგილების ჩხრეკა. შედეგად ამოღებულია გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი „ელექტრონული მტკიცებულებები და დოკუმენტაცია“.„ყადაღა დაედო სავარაუდოდ, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მიზნით შეძენილ 173 ერთეულ სატრანსპორტო საშუალებას, ძვირადღირებულ უძრავ ქონებებს და საბანკო ანგარიშებზე განთავსებულ თანხებს“, – განაცხადა კვიციანმა.ერთობლივი ოპერაციის ფარგლებში, 10 ივნისს, აჭარის ტერიტორიაზე ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს.„აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე სხვადასხვა ქვეყანაში მიმდინარე გამოძიებებით დადგენილია, რომ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი – ფსევდონიმით „AudiA6“, რომელიც 2022 წლიდან ფუნქციონირებდა, ინტერნეტსივრცეში კიბერდამნაშავეების და სხვა კრიმინალებისთვის უზრუნველყოფდა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული კრიპტოვალუტის გათეთრებას – დანაშაულის კვალის სამართალდამცავებისგან დაფარვას, რაშიც იღებდნენ სოლიდურ სარგებელს. 2022-2025 წლებში, უკანონო საქმიანობის ფარგლებში, „AudiA6“-ის წევრების მიერ გათეთრებულია რამდენიმე ასეული მილიონი აშშ დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტა“, – აღნიშნა მან.„გარდა აღნიშნულისა, დანაშაულებრივი ჯგუფი ასევე, მართავდა კიბერკრიმინალურ ფორუმს დასახელებით „Dark2Web“, რომელიც გამოიყენებოდა უკანონო სერვისების რეკლამირებისა და მსოფლიოს მასშტაბით კიბერკრიმინალების ერთმანეთთან დასაკავშირებლად“, – დასძინა კვიციანმა.მან მადლობა გადაუხადა ადგილობრივ და საერთაშორისო კოლეგებს „მაღალპროფესიონალურად და წარმატებით ჩატარებული ღონისძიებისთვის“. აშშ-სა და პოლონეთის წარმომადგენლებმაც გამოხატეს მადლიერება მის შემდეგ.This post is also available in:
English Tagsკრიპტოვალუტა საქართველოს პროკურატურა
Copy URL URL Copied