← მთავარი
მსოფლიო

პოლონეთში პუტინის კრიტიკოსი რუსი არტისტის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ქართულ პასპორტს იყენებდა

18 ივნისი, 2026 · წყარო: tabula.ge
პოლონეთში პუტინის კრიტიკოსი რუსი არტისტის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ქართულ პასპორტს იყენებდა

პოლონეთმა დააკავა ქალაქ ბიალა პოდლასკაში სროლის შედეგად მოკლეს რუსი არტისტისა და სატირიკოსის, სემიონ სკრეპეცკის საქმეში ეჭვმიტანილი პირი, რომელიც, პრემიერმინისტრი დონალდ ტუსკის ცნობით, ქართულ პასპორტს იყენებდა.

“ბიალა პოდლასკაში რუსი კაცის მკვლელობაში მონაწილეობის მიღებაში ეჭვმიტანილი პირი ლუბლინის პოლიციამ და შიდა უსაფრთხოების სააგენტომ დააკავა! ის ქართულ პასპორტს იყენებდა. ეს სამსახურები მუშაობენ იმ პირის ამოცნობაზე, ვინც მკვლელობა შეუკვეთა.” – წერს პოლონეთის პრემიერი, დონალდ ტუსკი X-ზე.

ცნობისთვის, მიმდინარე კვირაში პოლონურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბიალა პოდლასკაში პუტინის კრიტიკოსი რუსეთის მოქალაქე, სემიონ სკრეპეცკი, მოკლეს.

სკრეპეცკის სატირულ ნამუშევრებში ხშირად ფიგურირებდნენ ვლადიმირ პუტინი, ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი და იოსებ სტალინი.

არსებული ინფორმაციით, მან რუსეთი 2021 წელს პოლიტიკური დევნის შიშის საფუძველზე დატოვა. სკრეპეცკის სოციალურ გვერდზე გავრცელებული ფოტოებიდან ჩანს, რომ ის პოლონეთში იმყოფებოდა.

გასულ კვირას მან მონაწილეობა მიიღო ბერლინში რუსეთის საელჩოსთან გამართულ საპროტესტო აქციაში, სადაც მას შარვალზე რუსული დროშა ჰქონდა გამობმული და ხელში სტალინისა და ჩვილი პუტინის ამსახველი ნახატი ეკავა.

← მთავარი