ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულ ძმებს, დავით და გურამ კაკულიებს ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დაენიშნათ
22 წლის ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულ ძმებს, დავით და გურამ კაკულიებს ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დაენიშნათ. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი.
მძიმე დანაშაულში ბრალდებულ ძმებ კაკულიებს ექსპერტიზა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ჩაუტარდებათ.
ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული ძმების, კაკულიებისა და საერთაშორისო ძებნაში მყოფ ბუსა ჟვანიას საქმეზე წინასასამართლო სხდომა აგვისტოში ჩატარდება.
როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ძმებ კაკულიების ადვოკატი, დავით კუტალაძე აცხადებს, აღნიშნულ საქმეზე საგამოძიებო ვადა რამდენჯერმე გახანგრძლივდა.
„ეს სტანდარტული პროცედურაა მსგავსი კატეგორიის საქმეებზე, მაშინ, როცა კონკრეტულ ადამიანს ბრალად ედება 109-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. აღნიშნულში განსაკუთრებული არაფერია და ვფიქრობ, რამე განსხვავებული შედეგის მოლოდინი არც ერთ მხარეს არ გააჩნია, არც ბრალდების და არც დაცვის მხარეს.
წინასასამართლო სხდომის ვადამ რამდენჯერმე გადაიწია, ყველა გადაწევა ბრალდების მხარის მოთხოვნით იყო განპირობებული, შესაბამისად, ისინი ხედავენ საჭიროებას, რომ გამოძიების ვადა გააგრძელონ. თუმცა, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ვინაიდან კანონის ფარგლებში სისტემატური კონტაქტი გვაქვს გამოძიებასთან, რამე ახალი, არსებითი სახის მტკიცებულება ამ ვადის განმავლობაში არ მოპოვებულა…