← მთავარი
საზოგადოება

ვინ დაასუფთავებს დედამიწის ორბიტას? - კაცობრიობა 6 000 ტონა კოსმოსური ნარჩენების წინააღმდეგ ბრძოლას იწყებს

9 ივლისი, 2026 · წყარო: ambebi.ge
ვინ დაასუფთავებს დედამიწის ორბიტას? - კაცობრიობა 6 000 ტონა კოსმოსური ნარჩენების წინააღმდეგ ბრძოლას იწყებს

კოსმოსური რბოლა, როგორც წესი, გრანდიოზულ რაკეტებთან, ასტრონავტებთან და მაღალტექნოლოგიურ კოსმოსურ სადგურებთან ასოცირდება, თუმცა ადამიანები იშვიათად ფიქრობენ მისიებიდან დარჩენილ იმ ნაგავზე, რომელიც დედამიწის ორბიტაზე რჩება “გაჭედილი“.

ამჟამად, როდესაც კაცობრიობა დედამიწის უახლოეს სივრცეს კიდევ უფრო მეტი თანამგზავრითა და “დატა ცენტრებით“ ავსებს, ვიღაცამ აუცილებლად უნდა იკისროს პლანეტათაშორისი მეეზოვის როლი და ეს მიტოვებული აპარატურა თუ ნამსხვრევები მოაგროვოს.

ორბიტაზე მოძრაობის უზარმაზარი სიჩქარის გამო (საათში 27 000 კილომეტრზე მეტი) ისეთმა მცირე ობიექტმაც კი, როგორიც აქერცლილი საღებავის ნაწილაკია, შესაძლოა კატასტროფული ზიანი გამოიწვიოს.

“ბოლო შვიდი ათწლეულის განმავლობაში კოსმოსში დაახლოებით 20 000 ობიექტი გავუშვით, მომავალ ათ წელიწადში კი ერთ მილიონამდე თანამგზავრის გაშვებაზეა საუბარი“, - ამბობს დოქტორი ჩირანჯივი ფანინდრა, კომპანია “Cosmoserve Space“ -ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი. მისი კომპანია კოსმოსური ნაგვის შესაგროვებელი ტექნოლოგიის პირველი გამოცდისთვის უკვე მომავალ კვირას ემზადება.

NASA-ს მონაცემებით, დედამიწის დაბალ ორბიტაზე 1 მილიმეტრზე დიდი ზომის 100 მილიონზე მეტი ნაწილაკი მოძრაობს, რომელთა საერთო წონა 6 000 ტონას აღწევს.

ახალი რეგულაციები და 8-მილიარდიანი ბაზარი

აქამდე კოსმოსის დასუფთავებაზე ძირითადად მთავრობები ზრუნავდნენ, თუმცა აშშ-ის კომუნიკაციების ფედერალური კომისიის (FCC) ახალი წესი, რომელიც სრულად მომავალ წელს შევა ძალაში, პროცესში ჩართვას კერძო კომპანიებსაც ავალდებულებს.

ახალი რეგულაციის თანახმად, ოპერატორებმა მწყობრიდან გამოსული თანამგზავრები დაბალი ორბიტიდან, მისიის დასრულებიდან 5 წლის ვადაში უნდა გამოიყვანონ. ეს წესების მნიშვნელოვანი გამკაცრებაა ძველ 25-წლიან ვადებთან შედარებით.

კომპანიებს, რომლებმაც კოსმოსში ობიექტები გაუშვეს და შემდეგ დაივიწყეს, ახლა ნარჩენების მოცილების გზების ძიება უწევთ. ფანინდრას პროგნოზით, ეს სრულიად ახალ კომერციულ ბაზარს ქმნის, რომლის ღირებულებამაც 2030 წლისთვის შესაძლოა 8 მილიარდ დოლარს მიაღწიოს.

სხვადასხვა კომპანია ნაგვის შესაგროვებლად განსხვავებულ მეთოდებს ცდის, მათ შორის არის:

კოსმოსური ხომალდები, რომლებიც ნამსხვრევებს მექანიკურად აგროვებენ და დედამიწაზე აბრუნებენ.

გიგანტური ბადეები, ნარჩენების მახეში გასაბმელად.

გაზის ჭავლი: ობიექტებისთვის გაზის მიფრქვევა, მათი დამუხრუჭებისა და ორბიტიდან ჩამოგდების მიზნით.

ამ სფეროთი დაინტერესებულ კომპანიების ნაწილს გაცილებით შორს მიმავალი მიზნები გააჩნიათ, ეს მომავლის კოსმოსური ეკონომიკის ინფრასტრუქტურის საძირკვლის შექმნაა.

← მთავარი