← მთავარი
მსოფლიო

მარტა კოსის თქმით, EU-ს ახალ წევრებს 15წლით ვეტოს უფლება არ ექნებათ

16 ივნისი, 2026 · წყარო: on.ge
მარტა კოსის თქმით, EU-ს ახალ წევრებს 15წლით ვეტოს უფლება არ ექნებათ

ევროკავშირის ახალი წევრები, გაწევრიანების ხელშეკრულებებში გათვალისწინებული ახალი “დამცავი” პუნქტების საფუძველზე, 15 წელზე მეტი ხნით ეროვნული ვეტოს უფლებას დაკარგავენ. ამის შესახებ ევროკავშირის კომისარმა გაფართოების საკითხებში, მარტა კოსმა განაცხადა. ინფორმაციას EURACTIV ავრცელებს. აღნიშნული გადაწყვტილება განსაკუთრებით ხაზგასასმელია, რადგან უკრაინა და მოლდოვა ოფიციალურად იწყებენ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებს. EURACTIV წერს, რომ ორივე ქვეყანასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პირველი “კლასტერის” გახსნის გადაწყვეტილების შემდეგ, კოსმა, როგორც ჩანს, მხარი დაუჭირა საფრანგეთის, გერმანიისა და სხვების მიერ ლობირებულ წინადადებებს, რომლებიც ახალ წევრებს ბიუჯეტის, უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე კენჭისყრაში მონაწილეობას უზღუდავს. უკრაინასა და მოლდოვასთან ოფიციალური მოლაპარაკებების ახალი რაუნდის დაწყების გადაწყვეტილება იმ ფონზე მიიღეს, როდესაც ეროვნული მთავრობების მზარდი რაოდენობა დამცავი ზომების შემოღებას ითხოვს იმ შემთხვევისთვის, თუ ახალი წევრი ქვეყნები უკან წაიღებენ დემოკრატიის, კანონის უზენაესობის ან პრესის თავისუფლების მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებს. “ეს იქნება გაწევრიანების ხელშეკრულებების ახალი თაობა იმ გაგებით, რომ ჩვენ გვექნება ახალი დამცავი მექანიზმები”, — განაცხადა კოსმა. მან დასძინა, რომ ამ ახალი საგამოცდო ვადების მიზანი იქნება “იმის უზრუნველყოფა, რომ როგორც კი ახალ წევრებს მივიღებთ, მათ გაწევრიანებიდან 5, 10 ან 15 წლის შემდეგაც მკაცრად დაიცვან ევროპული წესები”. შეგახსენებთ, გასულ კვირას საფრანგეთმა, გერმანიამ, ნიდერლანდებმა, ბელგიამ და ლუქსემბურგმა ახალი პუნქტების შემოღება მოითხოვეს, რათა ევროკავშირის მომავალმა წევრებმა ვერ შეძლონ “ძირი გამოუთხარონ ევროკავშირის მოქმედების უნარს”. კოსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახალი პუნქტების მიუხედავად, ნებისმიერი კანდიდატისთვის ევროკავშირში გაწევრიანება არ ნიშნავს უმცროსი ან ასოცირებული წევრის სტატუსის მიღებას. “სრული წევრობა შესაძლებელი იქნება მხოლოდ მას შემდეგ, რაც წევრი ქვეყნები შეასრულებენ ყველა მოთხოვნას; არ არსებობს ნახევარი წევრობა ან მეოთხედი წევრობა. არსებობს მხოლოდ სრული წევრობა”, — განაცხადა მან.

← მთავარი