ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი სტრასბურგის სასამართლოში საიას ე.წ. FARA-ს საქმეში მესამე მხარედ ჩაერთვება
ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი სტრასბურგის სასამართლოში „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ ე.წ. Fara-ს საქმეში მესამე მხარედ ჩაერთვება.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) აცხადებს, რომ სასამართლომ კომისრის 2026 წლის 3 ივლისის მოთხოვნა უკვე დააკმაყოფილა.
საქმე სტრასბურგის სასამართლოში საიამ 2025 წელს ექვსი მომჩივნის - სამი ორგანიზაციისა და მათი ხელმძღვანელების სახელით შეიტანა. საჩივარი ეხება „ქართული FARA-ს“ გავლენას სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის საქმიანობაზე.
საიას შეფასებით, კანონის მიზანია დამოუკიდებელი ორგანიზაციებისა და მედიის შეზღუდვა, დისკრედიტაცია და დევნა, მათ შორის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის მექანიზმების გამოყენებით.
საია აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა კომისარს მსგავს საქმეში ჩართულობის გამოცდილება უკვე აქვს. მან სტრასბურგის სასამართლოში მიმდინარე „რუსული კანონის“ საქმეზეც წარადგინა პოზიცია, სადაც მიუთითა, რომ როგორც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი, ისე „ქართული FARA“ ზღუდავს გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლებას და ხელს უწყობს სამოქალაქო საზოგადოების დისკრედიტაციას.
2026 წლის 2 თებერვალს ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა ასევე გააკრიტიკა საქართველოში „გრანტების შესახებ“ კანონში და სხვა აქტებში ინიციირებული ცვლილებები. მისი შეფასებით, ეს ცვლილებები ზღუდავს სამოქალაქო სექტორის საქმიანობას და ხელისუფლებას მოუწოდა, უარი თქვას ისეთი სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებაზე, რომლებიც საზოგადოებრივი ორგანიზაციების თავისუფალ ფუნქციონირებას აფერხებს.
სტრასბურგის სასამართლომ კომისარს წერილობითი პოზიციის წარსადგენად ვადა 2026 წლის 31 აგვისტომდე განუსაზღვრა.