კობახიძე შაიშმელაშვილის ამერიკაში თავშესაფარზე: „ეს ჩვენთვის საინტერესო არ არის”
ირაკლი კობახიძემ „ტვ პირველის” ჟურნალისტის შეკითხვაზე — გდდ-ის ყოფილ თანამშრომელ ირაკლი შაიშმელაშვილს ამერიკის შეერთებულ შტატებმა რომ თავშესაფარი მიანიჭა, ნიშნავს თუ არა ეს, რომ ვაშინგტონი ეჭვქვეშ აყენებს მის სამართლებრივ სტატუსს საქართველოში — პირდაპირ უპასუხა: „საერთოდ არ არის ეს საინტერესო”.
„თავშესაფარი შეიძლება ადამიანმა მიიღოს სხვადასხვა საფუძვლით. ხანდახან ადამიანები სხვა ქვეყანას ბარდებიან, ამბობენ, რომ კონკრეტული მიმართულების წარმომადგენლები არიან და ამის გამო იდევნებიან — ათასი ტყუილი ჩნდება ხოლმე. ეს ტექნიკური საკითხია, ჩვენთვის საინტერესო არ არის. ჩვენთვის საინტერესოა, რომ ბოლო დროს გახშირდა კომუნიკაცია ამერიკელ პარტნიორებთან. მე პირადად მქონდა ზარი ბატონ რუბიოსთან. იგეგმება შემდგომი კომუნიკაცია კონკრეტული დეტალების განხილვის მიზნით — მაისის ბოლოს კონკრეტული ფორმატის ფარგლებში განვიხილავთ ყველაფერს”, — განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ: ირაკლი შაიშმელაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტრო 2024 წლის 3 დეკემბერს, პროევროპული მანიფესტაციების ძალისმიერი დარბევის ფონზე, პროტესტის ნიშნად დატოვა. ქვეყნიდან გამგზავრების შემდეგ პროკურატურამ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
2026 წლის 7 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ შაიშმელაშვილს დაუსწრებლად ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა — საქმე 2025 წლის 4 ოქტომბრის მოვლენებს ეხება. ამ საქმეში სხვა ბრალდებულ პოლიტიკოსებსა და პირებსაც სხვადასხვა ვადით პატიმრობა შეეფარდა. შაიშმელაშვილი ამჟამად ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება.