კობახიძე ღია წერილს ევროკომისიას, ევროსაბჭოსა და ევროპარლამენტს კოპენჰაგენის ძალადობაზე ეკითხება
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე „ქართული ოცნების” ღია წერილი წაიკითხა, რომელიც ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს, ევროსაბჭოს პრეზიდენტ ანტონიო კოშტასა და ევროპარლამენტის თავმჯდომარე რობერტა მეცოლას მიმართავს.

წერილში „ქართული ოცნება” ევროპულ ბიუროკრატიას ბრალს სდებს, რომ „ცალმხრივი პოლიტიკური კონიუნქტურის გამო” საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგი შეწყვიტა — „რის შემდეგაც არაერთხელ იქნა უარყოფილი ჩვენს მიერ შეთავაზებული დისკუსიისა და თანამშრომლობის ფორმატები.” ამ ვითარებაში მთავრობა „იძულებულია” ევროლიდერებს საჯაროდ მიმართოს.
პარტია ასევე ეკითხება, თუ როგორ ფასდება კოპენჰაგენში მომხდარი, სადაც „პოლიციამ მშვიდობიანი დემონსტრაციის მონაწილეებს ჯერ ხელკეტებით გაუსწორდა, შემდეგ კი მათ წინააღმდეგ ძაღლები გამოიყენა”.
წერილში ასევე ნათქვამია, რომ საქართველო ევროპული ღირებულებების ქვეყანაა — ქრისტიანული მორალი, თავისუფლება, ადამიანის ღირსების პატივისცემა — სადაც ეს ღირებულებები „სისხლხორცეულია და არა ფორმალური”. ევროკავშირი, წერილის შეფასებით, „ევრო-ბიუროკრატს კი არ ეკუთვნის, ევროპელ ხალხს” — მათ შორის ქართველებს.
საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა, თუმცა ბოლო წლებში ბრიუსელსა და თბილისს შორის ურთიერთობები მნიშვნელოვნად გაუარესდა.