კობახიძე გერმანიის ელჩ ფიშერზე: ჯობია, დავასვენოთ — ისედაც პენსიაზე გადის
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის, „რადიო თავისუფლებასთან” გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.
„კიდევ ერთხელ წამოსცდა კაცს. მგონი, ჯობია, დავასვენოთ — ისედაც პენსიაზე გადის. არ არის საინტერესო მისი განცხადებები. მორიგი წამოცდენა იყო, თუმცა წამოცდენები ისე არ ხდება ხოლმე, — ის თქვა, რაც გულში უდევს”, — განაცხადა კობახიძემ.
ელჩ ფიშერმა ინტერვიუში ქართულ ხელისუფლებაზე განაცხადა: „ვფიქრობ, ისინი, ვინც ძალაუფლებაში არიან, მივიდნენ დასკვნამდე, რომ ევროკავშირში გაწევრიანება არ სურთ — ეს მათ ინტერესებში არ შედის. თუმცა ამის თქმა მოსახლეობაში ვერ შეუძლიათ.”
ფიშერის შეფასებით, ხელისუფლების ტაქტიკა მოსახლეობაში ევროკავშირის მხარდაჭერის შემცირებაა, რათა ევროინტეგრაციის შესაძლო ჩაშლა თავად დასავლეთს დაბრალდეს. გერმანელი დიპლომატი ამ განცხადებებს „რადიო თავისუფლებაში” გამართულ ინტერვიუში გასცემდა.