კობახიძემ ევროკავშირის ლიდერებს ღია წერილით მიმართა — კოპენჰაგენის „ძალადობასა” და ევროპის „ღირებულებით კრიზისს” ეხება
„ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 19 მაისს ღია წერილით მიმართა ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს, ევროპის საბჭოს პრეზიდენტს ანტონიო კოშტასა და ევროპარლამენტის პრეზიდენტს რობერტა მეცოლას.
წერილში კობახიძე მოუწოდებს ევროკავშირის ლიდერებს, შეაფასონ 13 მაისის კოპენჰაგენის მოვლენები, სადაც დანიის პოლიციამ სატრანსპორტო კომპანია Maersk-ის ოფისში შესვლის მოთხოვნით აქტივისტთა მცირე ჯგუფი დაარბია. ასევე, ითხოვს ევროპის „ღრმა ღირებულებითი კრიზისის” შეფასებას.
„იმ უმძიმეს კადრებმა, სადაც პოლიცია მშვიდობიან დემონსტრანტებს სასტიკად არბევს, საერთაშორისო საზოგადოებას ნათლად დაანახა შემაშფოთებელი რეალობა — ევროპა, რომელიც წლების განმავლობაში დემოკრატიის ეტალონად მიიჩნეოდა, სულ უფრო მკაფიოდ პირიქით მიდის,” — ნათქვამია წერილში.
კობახიძე ევროკავშირის მაღალ თანამდებობის პირებს სვამს კითხვას: „სად მიჰყავს ევროპა იმ პროცესებს, რომლებიც დემოკრატიულ უკუსვლასა და საზოგადოებრივი თვითმყოფადობის რღვევასთან უკავშირდება?”
კობახიძის სიტყვებით, „სამწუხაროა, რომ ევროკავშირი ხშირად უგულებელყოფს საზოგადოების ბუნებრივ, კულტურულ და ისტორიულ საფუძვლებს” და „ევროპული სივრცე თანდათან შორდება იმ პრინციპებს, რომლებმაც ის მსოფლიოში დემოკრატიის სიმბოლოდ აქცია.”
წერილი, თუმცა, ირონიულ კონტექსტს ატარებს: საქართველო-ევროკავშირს შორის პოლიტიკური დიალოგი სწორედ ამ მთავრობის მმართველობის პირობებში გაწყდა. ევროკავშირმა ქვეყანაში მიმდინარე კანონმდებლობითი ცვლილებების გამო კანდიდატობის პროცესი გაყინა. პრემიერი ამ გაყინვის ნაცვლად ახლა ევროკავშირს მისივე „ ღირებულებითი კრიზისის” შეფასებას სთავაზობს.