კობახიძე ევროკავშირს კოპენჰაგენის „შემაშფოთებელ” პოლიციურ ოპერაციას ახსენებს
„ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს, ევროპის საბჭოს პრეზიდენტ ანტონიო კოშტასა და ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლას 19 მაისს ღია წერილით მიმართა.
წერილში კობახიძე ევროკავშირის ლიდერებს მოუწოდებს, შეაფასონ კოპენჰაგენში 13 მაისს განვითარებული მოვლენები, სადაც დანიის პოლიციამ ხელკეტები და ძაღლები გამოიყენა პალესტინის მხარდამჭერი პატარა ჯგუფის წინააღმდეგ, რომელიც სატვირთო კომპანია Maersk-ის ოფისის შესასვლელთან ბლოკადას ახდენდა.
„კოპენჰაგენში განვითარებული „შემაშფოთებელი მოვლენები” არაფერი საერთო არ აქვს არც ევროპასთან და არც ევროპულ ღირებულებებთან. იმ უმძიმესმა კადრებმა, სადაც ვიხილეთ, თუ როგორ ეპყრობა პოლიცია მშვიდობიან დემონსტრანტებს, საერთაშორისო საზოგადოებას ნათლად დაანახა შემაშფოთებელი რეალობა”, — ნათქვამია წერილში.
კობახიძე ასევე ახსენებს „ღრმა ღირებულებით კრიზისს” ევროპაში და აღნიშნავს, რომ ევრობიუროკრატიამ ცალმხრივად, „თავისი ინიციატივით” შეწყვიტა პოლიტიკური დიალოგი საქართველოსთან: „თუ ევრობიუროკრატია დაძლევს საკუთარ კომპლექსებს, ძალიან მარტივად გადაიტვირთება ურთიერთობები საქართველოსა და ევროკავშირს შორის.”
წერილი ასევე ადასტურებს, რომ საქართველო „ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობისკენ მიისწრაფვის.”