კობახიძე: შეიქმნება სამუშაო ჯგუფი დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის მედიკამენტების უზრუნველსაყოფად
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მეორე შეხვედრა დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლებთან 4 ივნისს გაიმართა. შეხვედრის შემდეგ კობახიძემ ბრიფინგი გამართა.
„შევჯერდით კონკრეტულ მედიკამენტებზე, რომლებსაც კონკრეტული მიზეზების გამო ახლა არ ვასახელებთ, თუმცა მშობლების სრულ წრეს ამაზე ექნება სათანადო ინფორმაცია,” — განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
კობახიძის თქმით, შეიქმნება საგანგებო სამუშაო ჯგუფი ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებისა და ავადმყოფ ბავშვთა მშობლების მონაწილეობით, რომელიც ბავშვებისთვის კონკრეტული მედიკამენტების შეძენის საკითხს გადაჭრის. კონკრეტული მედიკამენტების შეძენის საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება ფარმაცევტული კომპანიების პირობების გათვალისწინებით.
„მშობლები მუდმივ რეჟიმში მიიღებენ ინფორმაციას პროცესების მიმდინარეობასთან დაკავშირებით,” — დაპირდა კობახიძე.
პრემიერმა მადლობა გადაუხადა შეხვედრაში მონაწილე მშობლებს „კონსტრუქციული დამოკიდებულებისთვის”, ასევე ჯანდაცვის მინისტრსა და სამინისტროს „საკითხის სიღრმისეული დამუშავებისთვის”.