← მთავარი
პოლიტიკა

კობახიძე: სახელმწიფომ დიუშენის სინდრომზე 30 მილიონი ლარი დახარჯა — ხელშესახები შედეგი არ ყოფილა

21 მაისი, 2026 · წყარო: on.ge
კობახიძე: სახელმწიფომ დიუშენის სინდრომზე 30 მილიონი ლარი დახარჯა — ხელშესახები შედეგი არ ყოფილა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის მედიკამენტების საკითხზე განაცხადა, რომ სახელმწიფომ ამ მიმართულებით დაახლოებით 30 მილიონი ლარი დახარჯა, თუმცა ხელშესახები შედეგი ვერ მიღებულა.

„ყველაფერი კომპლექსურად არის განსახილველი. იყო საკითხი, რომელშიც სახელმწიფომ დაახლოებით 30 მილიონი ლარი დახარჯა, რასაც ხელშესახები შედეგი არ ჰქონია. ამას რომ ჰქონდეს ხელშესახები შედეგი, რა თქმა უნდა, არათუ 30 მილიონი, შეიძლება 300 მლნ და მეტიც დაეხარჯა სახელმწიფოს,” — განაცხადა კობახიძემ სამთავრობო ტელეკომპანია „იმედის” ეთერში.

კობახიძემ საქართველოს საპატრიარქოს ჩართვა ამ პროცესში დადებითად შეაფასა: „კარგია, რომ საპატრიარქოც ჩაერთო, რაც ხელს შეუწყობს ამ საკითხის დეპოლიტიზებასაც. სადაც შემოდის ჭარბად პოლიტიკური ელემენტი, იქ უფრო რთულდება რაციონალური გადაწყვეტილებების მიღება.”

პრემიერ-მინისტრმა მოუწოდა მოქალაქეებს, საკითხს სიღრმისეულად გაეცნონ: „მარტივი მესიჯია, რომ ბავშვს უნდა წამალი და მივცეთ წამალი. მაგრამ, როდესაც კონკრეტულ ადამიანს ვეკითხები, ნამდვილად იცოდა თუ არა, რომ ეს კონკრეტული მედიკამენტი იწვევს განკურნებას ან სიცოცხლის გახანგრძლივებას — პასუხი არ ჰქონდა.”

კობახიძემ ბავშვების მშობლებისადმი გაგება გამოხატა: „შეუძლებელია ბავშვის მშობელი გაამტყუნო ჭარბი ემოციებისთვის ასეთ საკითხებზე საუბრისას. ეს ისეთი საკითხია, სადაც ემოციებიდან ვერავინ იქნება ბოლომდე დაცლილი. მთლიანობაში, ყველამ უნდა შევძლოთ რაციონალურ საბოლოო გადაწყვეტილებამდე მისვლა.”

← მთავარი