კობახიძემ ბრიფინგი ჩინეთთან „სამაგალითო სტრატეგიულ პარტნიორობას” მიუძღვნა
პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგი ჩინეთთან ურთიერთობას მიუძღვნა. მისი თქმით, 9 ივნისს საქართველოსა და ჩინეთს შორის გაფორმებული ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება არის „განსაკუთრებული მნიშვნელობის მოვლენა ჩვენი ქვეყნისთვის როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით”.
ბრიფინგზე კობახიძემ საქართველოსა და ჩინეთის ურთიერთობა მიმოიხილა და ის „სამაგალითო სტრატეგიულ პარტნიორობად” შეაფასა. მისი თქმით, „ჩინეთის ხელისუფლება ჩვენს ქვეყანას ეპყრობა როგორც თანასწორს და თანატოლს, რაც გლობალური პოლიტიკის არსებული მანკიერებების ფონზე, განსაკუთრებულად თვალშისაცემი და დასაფასებელია”.
კობახიძის ცნობით, სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულების სამი წლის წინ ხელმოწერის შემდეგ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა დინამიურად განვითარდა. მისი თქმით, მხოლოდ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ჩინეთს ეწვივნენ საქართველოს პრემიერმინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე და ხუთი მინისტრი. 2023 წლის შემდეგ ორ ქვეყანას შორის 14 საერთაშორისო შეთანხმება გაფორმდა, ხოლო კიდევ ექვსი საბოლოო განხილვის ეტაპზეა.
კობახიძემ სავაჭრო მაჩვენებლებიც დაასახელა: 2024 წელს სავაჭრო ბრუნვა 17%-ით, 2025 წელს 21%-ით, ხოლო 2026 წლის იანვარ-აპრილში 45%-ით გაიზარდა. მისი თქმით, დღეს ჩინეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორებს შორის მესამე ადგილს იკავებს საერთო ვაჭრობით, მეორეს კი — ქართული წარმოების ექსპორტით. იანვარ-აპრილში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ქართული წარმოების ექსპორტი ჩინეთში სამჯერ გაიზარდა.
კობახიძემ აღნიშნა, რომ გასული წლის ნოემბერში ხელი მოეწერა საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაღრმავებას, ხოლო 2023 წლის ბოლოს ორ ქვეყანას შორის პირველად გაიცვალა საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის ნებართვები. მისი თქმით, 2024 წელს მთავრობებს შორის გაფორმდა მემორანდუმი ჩინეთ-ევროპის სარკინიგზო ექსპრესისთვის ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის განვითარების შესახებ და 2025 წელს შუა დერეფნით გადაზიდული კონტეინერების რაოდენობამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია.
პრემიერმა ისაუბრა ტურიზმის ზრდაზეც. მისი თქმით, ორმხრივი უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ საქართველოში ჩინელ ვიზიტორთა რაოდენობა 2024 წელს 83%-ით, 2025 წელს 44%-ით, ხოლო მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 49%-ით გაიზარდა. დღეს ქართულ ბაზარზე უკვე სამი ჩინური ავიაკომპანია ოპერირებს; China Southern ივლისიდან ამატებს პეკინი-ურუმჩი-თბილისის რეისს, ხოლო China Eastern 15 ივლისიდან იწყებს პირდაპირ ფრენებს შანხაი-თბილისის მიმართულებით.
კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ჩინეთთან თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას და ჩინეთის ხელისუფლებას მადლობა გადაუხადა „საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის”.
ბრიფინგზე პრემიერმა მადლობა გადაუხადა საგარეო საქმეთა მინისტრს მაკა ბოჭორიშვილს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს მარიამ ქვრივიშვილსა და განათლების მინისტრს გივი მიქანაძეს, ასევე პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს, რომელმაც ხელშეკრულებას ხელი საქართველოს სახელით მოაწერა. ჩინეთის მხრიდან კობახიძემ პრეზიდენტ სი ძინ პინს, ჩინეთის პრემიერსა და საქართველოში ჩინეთის ელჩს ჭოუ ციენს გადაუხადა მადლობა.