ჯო უილსონის დონემდე დავიდა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა, ტრაგიკული მოვლენაა – კობახიძე
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოს შესახებ მიღებული კრიტიკული რეზოლუციის ტექსტი „შეფასებასაც არ იმსახურებს“. მისი თქმით, ასამბლეა ამერიკელი კონგრესმენის ჯო უილსონის „დონემდე დავიდა“, რაც ტრაგიკულია.
„ტექსტი შეფასებასაც არ იმსახურებს, სამწუხაროდ, არამხოლოდ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიმართ, არამედ ზოგადად, ეუთოს მიმართ ქართული საზოგადოების ნდობას ასუსტებს, რა თქმა უნდა, ასეთი დოკუმენტები, რაც ძალიან სამწუხაროა, ვხედავთ, რომ ჯო უილსონის დონემდე დავიდა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა და ეს არის ძალიან ტრაგიკული მოვლენა. ჩვენ შესაბამის დასკვნებს გამოვიტანთ ამ ფაქტიდან“, - ამბობს კობახიძე.
შეგახსენებთ, 8 ივლისს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო.
რეზოლუცია საქართველოს ხელისუფლებას ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. დოკუმენტი ასევე ითხოვს სამოქალაქო თავისუფლებების შემზღუდავი კანონების გაუქმებას და მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, არ ცნოს ისეთი არჩევნების შედეგები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაყოფილებს.
რეზოლუცია - „საქართველოში არჩევნების კეთილსინდისიერებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვის შესახებ“ - ჰააგის დეკლარაციის ნაწილი გახდა. ეს არის ასამბლეის 33-ე ყოველწლიური სესიის დასკვნითი დოკუმენტი, რომელიც 4-8 ივლისს ნიდერლანდებში გაიმართა. სესიას ქართული ოცნების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, რომლებმაც ასამბლეის სამუშაო პროცესი რეზოლუციის მიმართ პროტესტის ნიშნით დატოვეს.