კობა ფარტენაძე პოლიციის მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფისა და წვრილმანი ხულიგნობის ფაქტებზე დააკავეს
აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი და წამყვანი კობა ფარტენაძე, რომელმაც არაერთხელ განაცხადა აჭარის ქუჩებში მასზე თავდასხმების შესახებ, 17 აგვისტოს წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტებზე ადმინისტრაციული წესით დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 16 აგვისტოს, ფარტენაძემ, მასთან დაკავშირებულ ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სახით გამოკითხვისას, სამართალდამცველებს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. შსს-ასევე განაცხადა, რომ იგი 17 აგვისტოს ღამის საათებში, ბათუმში, ხმამაღლა ლანძღვა-გინებით არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს, სამართალდამცველებმა, არაერთხელ მოუწოდეს „შეეწყვიტა კანონსაწინააღმდეგო ქმედება“, თუმცა ის არ დაემორჩილა პოლიციელების მოთხოვნას.
შსს-მ აღნიშნა, რომ ფარტენაძე პოლიციის მიმართ სხვადასხვა დრო განხორციელებული სიტყვიერი შეურაცხყოფის, ასევე წვრილმანი ხულიგნობის ფაქტებზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებითაა დაკავებული.
ერთი კვირის განმავლობაში ფარტენაძემ ორჯერ გაავრცელა ინფორმაცია მასზე თავდასხმების შესახებ.
11 აგვისტოს პოლიციამ მის წინააღმდეგ „ძალადობისა და მუქარის“ ფაქტებზე ორი პირი დააკავა, თუმცა მეორე დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მათ გირაო შეუფარდა. ჯერჯერობით უცნობია, გადაიხადეს თუ არა დაკავებულებმა გირაო.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ფარტენაძემ კიდევ ერთი თავდასხმის შესახებ 16 აგვისტოს დილას განაცხადა. ტელეკომპანია „ფორმულა“ იტყობინებოდა ჟურნალისტის სიტყვებზე დაყრდნობით, რომ თავდამსხმელებმა მას ტელეფონი წაართვეს და დაულეწეს.
ფარტენაძე 2023 წელსაც იტყობინებოდა თავდასხმის შესახებ. მაშინ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიამ და რადიომ განაცხადა, რომ ფარტენაძეს უცნობი პირი თავს დაესხა. მედიასთან ინტერვიუში კობა ფარტენაძემ განაცხადა, რომ მას ფიზიკური და ვერბალური შეურაცხყოფა მიაყენეს. მას მიაჩნდა, რომ თავდასხმის მიზეზი მისი არასტანდარტული გარეგნობა გახდა.