← მთავარი
მსოფლიო

რუსეთმა კიევ-პეჩერის ლავრა დაბომბა — დაიღუპა 4 ადამიანი, 30 დაშავდა

15 ივნისი, 2026 · წყარო: on.ge
რუსეთმა კიევ-პეჩერის ლავრა დაბომბა — დაიღუპა 4 ადამიანი, 30 დაშავდა

15 ივნისის ღამეს რუსეთმა კიევზე ბალისტიკური რაკეტებით მორიგი იერიში მიიტანა, რის შედეგადაც, უკრაინის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რელიგიური და კულტურული ძეგლი, კიევ-პეჩერის ლავრის ტერიტორიაზე მდებარე ისტორიული მიძინების ტაძარი დაზიანდა. ინფორმაცია უკრაინული მედია ავრცელებს. ოფიციალური პირების განცხადებით, რუსული თავდასხმის შედეგად კიევში რამდენიმე მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსიც დაზიანდა. დედაქალაქში სულ მცირე ოთხი ადამიანი დაიღუპა და 30 დაშავდა, მათ შორის ორსული ქალი და ორი ბავშვი (5 და 6 წლის). ეს თავდასხმა რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის განმავლობაში ამ ძეგლზე განხორციელებული მეორე დარტყმაა. “ქრისტიანული სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე წმინდა ადგილის, უკრაინის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რელიგიური და კულტურული ძეგლის, კიევ-პეჩერის ლავრის მიძინების ტაძრის სახურავი იწვის. გთხოვთ, ილოცოთ სიწმინდის განადგურებისგან გადასარჩენად. ეს არის რუსეთის კიდევ ერთი დანაშაული კაცობრიობის, ისტორიისა და ქრისტიანობის წინააღმდეგ”, — დაწერა თავდასხმის ღამეს სოციალურ ქსელ X-ში უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა, მიტროპოლიტმა ეპიფანემ. ეპისკოპოს ავრაამის ინფორმაციით, თავდასხმის დროს უძველესი ხატების და სხვა რელიგიური სიწმინდეების “სასწრაფო ევაკუაცია” მოხდა. ჯერჯერობით უცნობია, დაზიანდა თუ არა რელიგიური არტეფაქტები. ხელისუფლებას ტაძრისთვის მიყენებული ზარალის შესახებ ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. მანამდე, უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ კიევისკენ ათობით რუსული დრონი მიემართებოდა და საჰაერო თავდაცვის სისტემები აქტიურად მუშაობდნენ. ქვეყნის უმეტეს ნაწილში, მათ შორის ცენტრალურ და აღმოსავლეთ რეგიონებში, ბალისტიკური რაკეტების საფრთხის გამო საჰაერო განგაში გამოცხადდა.

← მთავარი