რუსეთისა და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურები შიო III-ს პატრიარქად არჩევას ულოცავენ
შიო III-ის საქართველოს 142-ე კათოლიკოს-პატრიარქად არჩევამ საერთაშორისო სასულიერო წრეებში ფართო გამოხმაურება გამოიწვია. მოსკოვის პატრიარქმა კირილმა და კიევის მიტროპოლიტმა ეპიფანემ ახალ პატრიარქს სამსახური მიულოცეს — ეს ორი ეკლესია, რომლებიც ერთმანეთთან სასტიკ დაპირისპირებაში არიან, ამჯერად ერთი და იმავე ადამიანს ულოცავენ.
კირილის მილოც წერილი
„გულწრფელად გილოცავთ თქვენი უწმინდესობის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრად არჩევას. ამ მოვლენის ამბავმა გააღრმავა ნათელი საპასექო სიხარული ჩვენი ეკლესიის შვილების გულებში, რომლებიც გულწრფელ სიყვარულს ავლენენ იბერიის, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სამფლობელოს მიმართ.
ღვთის განგებით, ჩვენი და-ძმა ეკლესიები ერთმანეთთან დაკავშირებული იყვნენ საერთო ისტორიის განმავლობაში — გულმოდგინედ ამოწმებდნენ სახარების ჭეშმარიტებას და მტკიცედ ინარჩუნებდნენ ოდესღაც წმინდანთათვის გადაცემულ რწმენას.
საქართველოში მრავალჯერ ვიზიტისა და ივერონის მიწიდან ძვირფასი სტუმრების მასპინძლობის შემდეგ, ყოველთვის ვგრძნობდი ჩვენი თანამორწმუნე ხალხების ღრმა სულიერ სიახლოვეს.
ვლოცულობ, რომ ღვთის შეწევნით, თქვენს პირველმღვდელმთავრულ მსახურებაში ღირსეულად გაგრძელდეს ძმური ურთიერთობის ტრადიციები, რომლებიც ჩამოყალიბდა თქვენი ღირსსახსოვარი წინამორბედების დროს — განსაკუთრებით, მთელ მართლმადიდებლურ სამყაროში პატივდებული ნეტარხსენებული ილია II-ის ეპოქაში.
მთელი გულით გისურვებთ ჯანმრთელობას და ზემოდან დაუსრულებელ დახმარებას მშვიდობიანი პატრიარქობის მრავალი კურთხეული წლის განმავლობაში,” — ნათქვამია კირილის წერილში, რომელიც რუსეთის საპატრიარქომ გაავრცელა.
ეპიფანეს მიმართვა
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტმა ეპიფანემ შიო III-ს ფეისბუქ-გვერდზე გამოქვეყნებული პოსტით მიულოცა.
„გულითადად ვულოცავ მოძმე საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ახლადარჩეულ წინამძღოლს მაღალი და საპასუხისმგებლო წოდების მიღებას,” — წერს ეპიფანე.
მიტროპოლიტი გარდაცვლილ პატრიარქ ილია II-ს იხსენიებს და ახლადარჩეულ პატრიარქს „მრავალ კურთხეულ წელიწადს, სიბრძნეს, სულიერ ძალასა და ღვთის შეწევნას” უსურვებს, რათა „იყოს ქართველი ხალხის სულიერი წინამძღოლი”.
საქართველოს გაფართოებულმა საეკლესიო კრებამ 11 მაისს სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო მუჯირი 142-ე კათოლიკოს-პატრიარქად აირჩია. ინტრონიზაცია 12 მაისს, სვეტიცხოველში გაიმართება.