← მთავარი
საზოგადოება

ყირგიზეთმა ისიქ-ქოლის სანაპიროზე სპეციალური ფინანსური საინვესტიციო ტერიტორია "ტამჩი“ გახსნა

3 ივლისი, 2026 · წყარო: ambebi.ge
ყირგიზეთმა ისიქ-ქოლის სანაპიროზე სპეციალური ფინანსური საინვესტიციო ტერიტორია

ისიქ-ქოლი, 2026 წლის 3 ივლისი. ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა სადირ ჟაპაროვმა გახსნა სპეციალური ფინანსური საინვესტიციო ტერიტორია “ტამჩი“ - ახალი საერთაშორისო იურისდიქცია მაღალმთიანი ტბის, ისიქ-ქოლის სანაპიროზე.

გახსნის დღეს ცენტრის პირველი რეზიდენტები გახდნენ კომპანიები არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, ჰონგ-კონგიდან, შვეიცარიიდან, სამხრეთ კორეიდან და ყაზახეთიდან. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 20 კომპანია სპეციალური ფინანსური საინვესტიციო ტერიტორია “ტამჩის“ რეზიდენტად რეგისტრაციის პროცესშია.

საზეიმო ცერემონიაზე პრეზიდენტმა სიმბოლურად გაააქტიურა გეომონიშვნა, რომლითაც გლობალურ ფინანსურ რუკაზე ახალი წერტილის გაჩენა აღნიშნა.

“მსოფლიო ეკონომიკაში მიმდინარე ცვლილებები ქმნის მოთხოვნას საქმიანი აქტივობის ახალ ცენტრებზე - ისეთ ადგილებზე, სადაც საერთაშორისო სტანდარტები ინოვაციებისა და გრძელვადიანი ინვესტიციებისთვის რეალურ თავისუფლებას ერწყმის. სპეციალური ფინანსური საინვესტიციო ტერიტორია “ტამჩი“ ეროვნული პროექტი და საერთაშორისო ბიზნესის მოთხოვნებზე ჩვენი პასუხია. ჩვენ ფინანსურ ცენტრს ნულიდან ვაშენებთ - დამოუკიდებელი სასამართლოთი, თანამედროვე მარეგულირებლითა და წესებით, რომლებიც კონიუნქტურის მიხედვით არ იცვლება. მჯერა, რომ სპეციალური ფინანსური საინვესტიციო ტერიტორია “ტამჩი“ ყირგიზეთის ისტორიაში ახალ თავს დაწერს“, - განაცხადა პრეზიდენტმა ჟაპაროვმა.

სპეციალური ფინანსური და საინვესტიციო ზონა “ტამჩი“ საერთაშორისო (ინგლისური) კანონებით მუშაობს. ამ ტერიტორიას აქვს საკუთარი ფინანსური კონტროლის სამსახური, დავების გადასაწყვეტი დამოუკიდებელი სასამართლო და ერთიანი ელექტრონული ბაზა. 49 წლის განმავლობაში აქ იმოქმედებს განსაკუთრებული საგადასახადო შეღავათები: კომპანიები საერთოდ არ გადაიხდიან მოგების, დივიდენდების, ქონების გაყიდვისა და დღგ-ის გადასახადებს. ამასთანავე, რეზიდენტებს აქვთ 100%-იანი უცხოური საკუთრებისა და მოგების თავისუფალი რეპატრიაციის უფლება.

ტერიტორიაზე უკვე ფუნქციონირებს ბიზნესცენტრი, მიმდინარეობს სასტუმროებისა და საცხოვრებელი შენობების მშენებლობა. ფეხით სავალ მანძილზე მდებარეობს საერთაშორისო აეროპორტი “ისიქ-ქოლი“. იურისდიქციის საერთო ფართობი კი დაახლოებით 6 000 ჰექტარია.

“წარმატებული საერთაშორისო ფინანსური ცენტრები იქ იქმნება, სადაც შექმნილია პირობები, რომლებიც გლობალური კაპიტალისა და ბიზნესის მოლოდინებს პასუხობს. სწორედ ამ პრინციპით შეიქმნა სპეციალური ფინანსური საინვესტიციო ტერიტორია “ტამჩი“ - საიმედო და მოქნილი იურისდიქცია, რომელიც მზად არის კომპანიებს ზრდის ყველა ეტაპზე გაუწიოს მხარდაჭერა. საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკების შესაბამისად შექმნილი, ინგლისურ საერთო სამართალზე დაფუძნებული და ევრაზიის ცენტრში მდებარე “ტამჩი“ ინვესტორებს სთავაზობს დამოუკიდებელ, პროგნოზირებად და გრძელვადიან პლატფორმას ბიზნესის წარმოებისთვის“, - განაცხადა სპეციალური ფინანსური საინვესტიციო ტერიტორია “ტამჩის“ მართვის საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ალი იჯაზ აჰმადმა.

მათ შორის, ვინც პირველმა მიიღო გადაწყვეტილება სპეციალური ფინანსური საინვესტიციო ტერიტორია “ტამჩიში“ რეგისტრაციის შესახებ, არის სო დონ ჰიონი, სამხრეთკორეული კომპანია Serim-ის გენერალური დირექტორი.

“ნახევარგამტარების ინდუსტრიაში, მაღალ ტექნოლოგიებსა და ენერგეტიკაში ინვესტიციების მიმართულებით 30-წლიანი მუშაობის განმავლობაში დავრწმუნდი, რომ სამართლებრივი განსაზღვრულობა და მარეგულირებელი სისტემისადმი ნდობა გრძელვადიანი ინვესტიციების საფუძველია. სპეციალური ფინანსური საინვესტიციო ტერიტორია “ტამჩი“ სწორედ ამ პრინციპებზეა შექმნილი. ამასთან, ასეთი მასშტაბის პროექტის განხორციელება მხოლოდ ერთ წელიწადში გახდა შესაძლებელი - უფრო სწრაფად, ვიდრე ნებისმიერ სხვა იურისდიქციაში, რომელიც ჩემთვის ცნობილია. დღეს აქ დავარეგისტრირე ჩემი საოჯახო ჰოლდინგური კომპანია. ჩემთვის ეს ინვესტიცია წლებისთვის კი არა, თაობებისთვისაა“, - განაცხადა მან.

2035 წლისთვის სპეციალური ფინანსური საინვესტიციო ტერიტორია “ტამჩი“ გეგმავს დაახლოებით 4 000 კომპანიის მოზიდვას და 10 000-ზე მეტი სამუშაო ადგილის შექმნას. ქვეყნის ეკონომიკაში მოსალოდნელი წვლილი კი 2026–2035 წლებში 20 მილიარდ დოლარად ფასდება.

← მთავარი