← მთავარი
სამართალი

სუროგაციის საქმეზე Kinderly Georgia-ს დამფუძნებლებს 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

30 ივნისი, 2026 · წყარო: radiotavisupleba.ge
სუროგაციის საქმეზე Kinderly Georgia-ს დამფუძნებლებს 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

„ბრალდებულებმა ჩინეთის რესპუბლიკის მოქალაქეებისგან მოიზიდეს დიდი ოდენობით თანხები და სუროგატი დედების სხვადასხვა ხარჯების და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ანაზღაურების დაფარვის ნაცვლად, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ჯგუფურად მიითვისეს როგორც პოტენციური მშობლების, ასევე სუროგატი დედების კუთვნილი 2 060 007 ლარზე მეტი თანხა“, - წერია პროკურატურის გავრცელებულ ინფორმაციაში.კომპანიის ორი დამფუძნებლიდან ერთ-ერთი, შპს „ქინდერლი ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი, სომხეთის მოქალაქე არმენ მელიქიანი 2025 წლის 1 ოქტომბერს დააკავეს, თანადამფუძნებელ რუსლან ტიმოშენკო​ს კი პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდეს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხის მითვისება).საქართველოში დასაქმებულ უცხოელ სუროგატ დედებსა და კომპანია Kinderly-ს სავარაუდო დანაშაულებრივ ქმედებებზე, რადიო თავისუფლება რამდენიმე თვის განმავლობაში წერდა.

ასევე ნახეთ

გაჩენილი ბავშვები, გართულებული ჯანმრთელობა, მიუღებელი ჰონორარები - სუროგატი დედები სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინში

ასევე ნახეთ

სუროგატი დედების თანხების მითვისებისთვის Kinderly Georgia-ს დირექტორი დააკავეს

იმის შესახებ, რომ კომპანია Kinderly სუროგატ ქალებს, მათ შორის, ძირითადად უცხოელებს, თვეების განმავლობაში აღარ უხდიდა კუთვნილ ხელფასებსა და საბოლოო ჰონორარს და ქალები გართულებული ჯანმრთელობით, მცირეწლოვან შვილებთან ერთად ცდილობდნენ თავის გატანას, რადიო თავისუფლება 2025 წლის თებერვლის დასაწყისიდან წერს.რუსლან ტიმოშენკომ 2025 წლის თებერვლის ბოლოს რადიო თავისუფლებას წერილობით უპასუხა და დაადასტურა, რომ კომპანიას ჰქონდა ფინანსური პრობლემები. ის ამბობდა, რომ პარტნიორთან [არმენ მელიქიანთან] ერთგვარი უთანხმოება არსებობდა „ფინანსური რეზერვებისა და ფინანსების არაკვალიფიციურად გადანაწილების გამო“.დახურულ ჰოსტელში იძულებით შესახლებული სუროგატი დედების საქმეზე, რომლებიც კომპანია Kinderly-მ კუთვნილი ჰონორარის გარეშე დატოვა, შსს-მ გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც მათ შესახებ რადიო თავისუფლებამ 2025 წლის 3 აპრილს ვრცელი სტატია გამოაქვეყნა.მანამდე, კომპანია Kinderly-ს მიერ დაქირავებული სუროგატი ქალები პოლიციასა და პროკურატურაში თითქმის ყოველკვირა წერდნენ საჩივრებს, თუმცა სამართალდამცავები მხოლოდ მათი გამოკითხვით შემოიფარგლებოდნენ და ინტერესი სუროგატი დედების მიმართ ამით სრულდებოდა.სტატიების გამოქვეყნებიდან და გამოძიების დაწყებიდან რამდენიმე თვის შემდეგ, 2025 წლის 1 ოქტომბერს კომპანიის დირექტორი დააკავეს. ის ახლა უკვე მსჯავრდებულია.

← მთავარი