← მთავარი
სამართალი

„ქინდერლი ჯორჯიას“ ორ დამფუძნებელს სუროგაციის თანხების მითვისებისთვის ათი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

30 ივნისი, 2026 · წყარო: civil.ge
„ქინდერლი ჯორჯიას“ ორ დამფუძნებელს სუროგაციის თანხების მითვისებისთვის ათი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

კომპანია „ქინდერლი ჯორჯიას“ ორ დამფუძნებელს ათ-ათი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა მას შემდეგ, რაც სასამართლომ ისინი სუროგატი დედებისა და ბიოლოგიური მშობლებისგან თანხების მითვისებაში დამნაშავედ ცნო, განაცხადა საქართველოს პროკურატურამ 30 ივნისს.

პროკურატურამ მსჯავრდებულების ვინაობა არ დაასახელა, თუმცა რადიო თავისუფლების ქართულმა სამსახურმა, რომელიც დიდი ხანია აშუქებს ამ საქმეს, განაცხადა, რომ მსჯავრდებულები არიან სომხეთის მოქალაქე არმენ მელიქიანი, რომელიც 2025 წლის 1 ოქტომბერს დააკავეს, და უკრაინელი რუსლან ტიმოშენკო, რომელსაც დაუსწრებლად მიესაჯა პატიმრობა.

პროკურატურის განცხადებით, ისინი დამნაშავედ ცნეს „სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხების მითვისების ფაქტზე“.

პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულებმა თბილისში, ბიოლოგიურ მშობლებსა და სუროგატ დედებს შორის შუამავალი კომპანია შპს „ქინდერლი ჯორჯია“ დააფუძნეს. კომპანიის სახელით ბიოლოგიურ მშობლებთან ხელშეკრულებებს დებდნენ და ვალდებულებას იღებდნენ, რომ სუროგატ დედებს მოიძიებდნენ და ექსტრაკორპორული განაყოფიერების გზით ბავშვის გაჩენას უზრუნველყოფდნენ.

„აღნიშნული გზით ბრალდებულებმა ჩინეთის რესპუბლიკის მოქალაქეებისგან მოიზიდეს დიდი ოდენობით თანხები და სუროგატი დედების სხვადასხვა ხარჯების და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ანაზღაურების დაფარვის ნაცვლად, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ჯგუფურად მიითვისეს როგორც პოტენციური მშობლების, ასევე სუროგატი დედების კუთვნილი 2 060 006,5 ლარზე მეტი თანხა“, – განაცხადა პროკურატურამ.

9 მარტს გამოქვეყნებულ სტატიაში რადიო თავისუფლების ქართული სამსახური იტყობინება, რომ პროკურატურის თქმით, სისხლის სამართლის საქმეზე 40 დაზარალებულიდან 30 სუროგატი დედაა, 10 კი ბიოლოგიური მშობელი. სტატიაში მოცემულია სუროგატი დედების ჩვენებები, რომელთაგან ბევრი უცხო ქვეყნის მოქალაქეა. ისინი აცხადებენ, რომ მათ არ მიუღიათ კომპანიის მიერ მშობიარობის შემდეგ დაპირებული 16 000 აშშ დოლარის ანაზღაურება და არც მშობიარობის შემდგომი სამედიცინო დახმარება.

გავრცელებული ინფრომაციით, საქმეზე გამოძიება 2025 წლის გაზაფხულზე დაიწყო მას შემდეგ, რაც რადიო თავისუფლების ქართულმა სამსახურმა ამ საკითხზე ვრცელი სტატია გამოაქვეყნა, მათ შორის სუროგატი დედების ისტორიების შესახებ.  

გამოცემის თანახმად, სუროგატი დედები ძირითადად ყირგიზეთიდან, ყაზახეთიდან, უზბეკეთიდან, ტაჯიკეთიდან, უკრაინიდან და რუსეთიდან იყვნენ. მათ შორის იყვნენ ასევე ქართველი ქალებიც.

გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საპასუხოდ, ქალთა უფლებების დამცველმა ორგანიზაცია „საფარიმ“, რომელიც საქმეზე დაზარალებულთა ინტერესებს იცავდა, განაცხადა, რომ პროკურატურისგან თავიდანვე ითხოვდა საქმის ტრეფიკინგის მუხლით  წარმოებას და ქალებისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას. ორგანიზაციის თქმით, ქალების ნაწილს ტრეფიკინგის მსხვერპლის სტატუსი მიენიჭა. „საბოლოოდ, ქინდერლის ხელმძღვანელებს ბრალი დიდი ოდენობით თანხის მითვისების მუხლით წარედგინათ და არა ადამიანების ტრეფიკინგის მუხლით, რაც თავის მხრივ პრობლემურია“, – აღნიშნავს ორგანიზაცია.

← მთავარი