← მთავარი
მსოფლიო

რატომ მალავს კიმ ჩენ ინი საკუთარ დედას? - ჩრდილოეთ კორეის დიქტატორის "აკრძალული" წარმომავლობა და საიდუმლო, რომელიც რეჟიმს საფრთხეს უქმნის

28 ივნისი, 2026 · წყარო: ambebi.ge
რატომ მალავს კიმ ჩენ ინი საკუთარ დედას? - ჩრდილოეთ კორეის დიქტატორის

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი, უკვე 15 წელია ქვეყანას მართავს, თუმცა ამ დროის განმავლობაში მას ერთხელაც არ უხსენებია საჯაროდ საკუთარი დედის სახელი. რატომ არის კო იონგ ჰუის პიროვნება ფხენიანისთვის ტაბუდადებული თემა და რა საიდუმლოს მალავს “დიდი ბელადის“ წარმომავლობა?

კო იონგ ჰუი სახელმწიფო მედიაში არასდროს უხსენებიათ.

კიმების დინასტიის ლეგიტიმაცია ეყრდნობა ე.წ. “პექტუს მთის სისხლის ხაზს“ — მითიურ წარმომავლობას, რომელიც კორეელი ხალხის დამფუძნებელს უკავშირდება. თუმცა, რეალობა ბევრად უფრო პროზაულია: კიმ ჩენ ინის დედა, კო იონგ ჰუი, 1952 წელს იაპონიის ქალაქ ოსაკაში დაიბადა. მისი მშობლები კუნძულ ჯეჯუდან (დღევანდელი სამხრეთ კორეა) წამოსული მიგრანტები იყვნენ.

“ჯეპო“ - დაბალი კასტა და რეჟიმის შიში

1960-იან წლებში კოს ოჯახი ჩრდილოეთ კორეაში გადასახლდა. მიუხედავად იმისა, რომ თავიდან ასეთ მიგრანტებს შურით უყურებდნენ მათი კაპიტალისტური ნივთების გამო, მოგვიანებით მათ “ჯეპო“ (jjaepo) უწოდეს - დამამცირებელი ტერმინი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც “საშიში უცხოური იდეოლოგიით“ იყვნენ “დაბინძურებულნი“. ჩრდილოეთ კორეის მკაცრ იერარქიულ სისტემაში, ისინი “მერყევ კლასს“ მიეკუთვნებიან და სახელმწიფოსგან მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ არიან.

ექსპერტების თქმით, იმის აღიარება, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი “ჯეპოს“ შვილია, რეჟიმისთვის წარმოუდგენელი და დამანგრეველია.

კო იონგ ჰუი ელიტარული ცეკვის ანსამბლის წევრი იყო, სადაც ის კიმ ჩენ ილის ყურადღების ცენტრში მოხვდა. მიუხედავად იმისა, რომ კიმ ჩენ ილს ოფიციალური ცოლი ჰყავდა, მას კო შეუყვარდა და მასთან სამი შვილი შეეძინა.

ჩრდილოეთ კორეაში ქორწინების გარეშე დაბადებული ბავშვები დიდ სტიგმას ატარებენ. სწორედ ამიტომ, კო და მისი შვილები ფხენიანის ნაცვლად, დედაქალაქისგან მოშორებით, ქალაქ ვონსანში ცხოვრობდნენ. საინტერესოა, რომ დინასტიის დამფუძნებელმა, კიმ ილ სუნმა, კო იონგ ჰუი რძლად არასოდეს აღიარა და საკუთარ შვილიშვილებთან ერთად საჯაროდ არასოდეს გამოჩენილა.

საიდუმლო, რომელიც “ბირთვულ ბომბზე“ ძლიერია

კო იონგ ჰუი 2004 წელს პარიზში, მკერდის კიბოთი გარდაიცვალა. ჩრდილოეთ კორეის მედიას მისი სიკვდილიც კი არ უხსენებია. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ სწორედ დედის წარმომავლობის გამო არ არის გამოცხადებული კიმ ჩენ ინის დაბადების დღე ეროვნულ დღესასწაულად. “თუკი მისი დედის იაპონური და სამხრეთ კორეული ფესვების შესახებ სიმართლე გახდება ცნობილი, ეს ჩრდილოეთ კორეის საზოგადოებაზე ბირთვული ბომბის ეფექტს მოახდენს და დინასტიის ლეგიტიმაციას საფუძველს გამოაცლის“, - აცხადებს ყოფილი დიპლომატი რიუ ჰიუნ-ვო. წყარო

← მთავარი