კიმ ჩენ ინი ჩრდილოეთ კორეელ ქალ ფეხბურთელებს შეხვდა — სიხარულის ცრემლები ვერ შეიკავეს
ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა ფხენიანში პირადად მიიღო ქალთა AFC-ის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გუნდი — „ნეგოჰიანგი”. ლიდერი ფეხბურთელებს გადაეხვია და მათ გვერდით ფოტოებიც გადაიღო; სპორტსმენებმა „სიხარულის ცრემლები” ვერ შეიკავეს.
„ნეგოჰიანგმა” AFC-ის ქალთა ჩემპიონთა ლიგა 23 მაისს მოიგო. სუვონში გამართულ ფინალში მათ იაპონური „ტოკიო ვერდი ბელეზა” 1:0 დაამარცხეს. ეს გახდა პირველი შემთხვევა, რომ ჩრდილოეთ კორეული კლუბი ამ ტიტულს ფლობს.
ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად „ნეგოჰიანგს” სამხრეთ კორეაში მოუწია გამგზავრება — 2014 წლის ინჩხონის აზიური თამაშების შემდეგ ეს პირველი შემთხვევა იყო, რომ ჩრდილოეთ კორეელი ფეხბურთელები მეზობელ ქვეყანას ეწვივნენ.
სახელმწიფო მედიის ცნობით, კიმ ჩენ ინი მოგვიანებით „ნეგოჰიანგისა” და 17 წლამდე ქალთა ეროვნულ ნაკრებს შორის სამეგობრო მატჩსაც დაესწრო. მიღებაზე მმართველი პარტიის ათობით ოფიციალური პირი და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.