კილაძის საქმეზე დაწესებულ შეზღუდვებზე მედიის ხელმძღვანელები POG-ს და ომბუდსმენს მიმართავენ
დამოუკიდებელი მედიის ხელმძღვანელები ქრონიკა პლიუსის დამფუძნებლის, ელისო კილაძის საქმეზე დაწასებული შეზღუდვების შესახებ პროკურატურასა და სახალხო დამცველს მიმართავენ.
გთავაზობთ განცხადებას უცვლელად:
ჩვენ, ქვემოთ ხელმომწერი დამოუკიდებელი მედიასაშუალებების ხელმძღვანელები და მთავარი რედაქტორები, კატეგორიულ პროტესტს გამოვთქვამთ ჟურნალისტის, გაზეთ ქრონიკა +-ის დამფუძნებლისა და მთავარი რედაქტორის ელისო კილაძის მიმართ პროკურატურისა და სასამართლოს მიერ განხორციელებული დისკრიმინაციული და არაპროპორციული ღონისძიებების გამო.
ოთხი თვეა, ელისო კილაძეს შეზღუდული აქვს ელემენტარული უფლებები: სატელეფონო ზარები, მიმოწერა და ოჯახის წევრებთან პაემანი.
სასამართლო პროცესების დახურვა და საქმის სრულად გასაიდუმლოება მოწმეებზე ზეწოლის საფრთხის საბაბით, მიზნად ისახავს საზოგადოებისგან ჟურნალისტისა და პროცესის სრულ იზოლაციას.
მივმართავთ გენერალურ პროკურატურას:
დაუყოვნებლივ გაუქმდეს ჟურნალისტ ელისო კილაძისთვის დაწესებული კომუნიკაციის შეზღუდვები;
უზრუნველყოფილ იქნას სასამართლო განხილვების გამჭვირვალობა და საჯაროობა, რათა საზოგადოებამ შეძლოს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა დასაბუთებულობისა და დასაშვებობის კრიტიკული შეფასება.
იმ შემთხვევაში, თუ პროკურატურა და სასამართლო უარს იტყვიან სასამართლო განხილვის საჯაროობაზე, ჩვენ, დამოუკიდებელი მედიასაშუალებები, ამ გადაწყვეტილებებს მივიჩნევთ არა მართლმსაჯულების განხორციელებად, არამედ კრიტიკული მედიის გაჩუმებისა და ჟურნალისტის დასჯის მიზნით მიღებულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებად.
ხელმომწერი:
გელა მთივლიშვილი - საქართველოს ამბები / მთის ამბების მთავარი რედაქტორი;
ეთერ თურაძე - ბათუმელების მთავარი რედაქტორი;
თამარ რუხაძე - ბათუმელები/ ნეტგაზეთის დირექტორის მოადგილე;
ლიკა ზაკაშვილი - პუბლიკის მთავარი რედაქტორი;
ლია ჩახუნაშვილი - საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი;
ნინო ჯანგირაშვილი - ტელეკომპანია კავკასიის დირექტორი;
გიორგი თარგამაძე - TV ფორმულას გენერალური დირექტორის მოადგილე;
ზურაბ ვარდიაშვილი - პუბლიკის დირექტორი;
დათო ქოქოშვილი - ნეტგაზეთის რედაქტორი;
ნოდარ მელაძე - tv პირველის საინფორმაციო სამსახურის უფროსი.
სულხან მესხიძე - აჭარა თაიმსის დირექტორი;
ნათია კუპრაშვილი - JRC
ნინა ხელაძე - TOK TV…
შეგახსენებთ, რომ ელისო კილაძე ქოლცენტრების საქმეზე 18 თებერვალს დააკავეს, მას 19 თებერვალს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.