კიევში მსხვერპლი და ნგრევაა რუსული დრონებით და რაკეტებით შეტევის შედეგად
კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ტიმურ ტკაჩენკოს ინფორმაციით, ადგილობრივი დროით დილის ექვსი საათისთვის დადასტურებულია, რომ დაიღუპა 3 და დაშავდა 25 ადამიანი.
კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ცნობით, დესნიანსკის რაიონში დანგრეულია 9-სართულიანი სახლის ექვსი სართული, დარნიცის რაიონში ნაწილობრივ დანგრეულია 5-სართულიანი სახლი. შევჩენკოს რაიონში დაზიანებულ შენობებს შორისაა სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ოფისი, სადაც 5 თანამშრომელი დაშავდა. სახლები და სხვა შენობები დაზიანდა და ხანძრები გაჩნდა კიევის კიდევ რამდენიმე რაიონში.
განახლება: დილის შვიდი საათისთვის კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ტიმურ ტკაჩენკოს ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა ცნობა, რომ დაღუპულია 8 ადამიანი. კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, დაშავებულია სულ მცირე 34.
რუსეთის ჯარებმა კიევზე მასირებული შეტევა პირველიდან ორი ივლისის ღამით დაიწყეს ჯერ უპილოტო საფრენი აპარატებით, შემდეგ კი რაკეტებით.
რამდენიმე საათით ადრე, 1 ივლისს საღამოს, ირლანდიაში ვიზიტით მყოფმა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დუბლინში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ დაზვერვის მონაცემებით რუსეთი ამზადებს მორიგ მასირებულ დარტყმას, ამიტომ პრესკონფერენციის შემდეგ თავის გუნდთან ერთად უკრაინაში ბრუნდება.
ზელენსკიმ უკრაინელებს სთხოვა, განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ და თავშესაფრებით ისარგებლონ.