კიევსა და კიევის ოლქში დიდი მსხვერპლია რუსეთის მასირებული შეტევის შედეგად
კიევში მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა რუსული რაკეტებით და დრონებით დარტყმას. რუსეთის ჯარებმა უკრაინის დედაქალაქზე ბოლო ხუთ დღეში მეორე მასირებული შეტევა ხუთიდან ექვსი ივლისის ღამით დაიწყეს.
ადგილობრივი ხელისუფლების მიერ 6 ივლისს გამთენიისას გავრცელებული წინასწარი მონაცემებით, კიევში დაიღუპა სულ მცირე 7 ადამიანი და 24 დაშავდა.
კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, 24 დაშავებულიდან ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა 14-ს. მათ შორის ორი ბავშვია.
კიევის პოდოლის და დარნიცის რაიონებში ნაწილობრივ დანგრეულია რამდენიმე მრავალბინიანი სახლი. დაზიანებულია სახლები და სხვა შენობები. ობოლონის რაიონში ხანძარმა მოიცვა საწყობები.
განახლება: უკრაინის გენერალური პროკურატურის ოფისმა სოციალური ქსელებით გაავრცელა ცნობა, რომ 6 ივლისის დილის რვა საათის მონაცემებით, კიევში დაღუპულია 10 და დაშავებულია 46 ადამიანი. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, დედაქალაქში ნაწილობრივ დანგრეული და დაზიანებულია 30-მდე სახლი.
დაახლოებით ერთი საათის შემდეგ კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ ტელეგრამ-არხზე დაწერა, რომ საავადმყოფოში გარდაიცვალა ერთი დაჭრილი. კიევში დაღუპულთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა.
კიევის ოლქი
რუსეთის ჯარებმა მასირებული შეტევა მიიტანეს კიევის ოლქზეც. ადგილობრივი სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ მიკოლა კალაშნიკის ინფორმაციით, დაიღუპა სულ მცირე ერთი და დაშავდა 15 ადამიანი.
კიევის ოლქის ბუჩის, ვიშგოროდის და ბროვარის რაიონებში დაზიანებულია კერძო სახლები და საწარმოები. კალაშნიკს კონკრეტული საწარმოები არ დაუსახელებია. მისი ინფორმაციით, ყველაზე რთული სიტუაცია ბუჩის რაიონის ქალაქ ვიშნევეშია „ფეთქებადსაშიში საგნების განმეორებითი დეტონაციის საფრთხის გამო”. დეტალები კალაშნიკს არ დაუკონკრეტებია.
ვიშნევეს ადმინისტრაციამ სოციალური ქსელებით გაავრცელა ქალაქის რვა ქუჩის ჩამონათვალი და ადგილობრივ მცხოვრებთ მოუწოდა, გარეთ ნუ გავლენ.
უკრაინული ტელეგრამ-არხების ცნობით, რუსეთის ჯარებმა ვიშნევეში დაარტყეს ქარხანა „ვიზარს“, რომელიც აწარმოებს სამხედრო ტექნიკას და იარაღს, მათ შორის „ნეპტუნის“ ტიპის რაკეტების საბრძოლო ნაწილებს. სახიფათო ზონიდან მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყეს.
განახლება: კიევის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ მიკოლა კალაშნიკის ინფორმაციით, დაღუპულთა რიცხვი 3-მდე გაიზარდა, ხოლო დაშავებულების 26-მდე. ქალაქ ვიშნევეში ევაკუირებულია 497 ადამიანი.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, კიევის ოლქში სამივე ადამიანი ქალაქ ვიშნევეში დაიღუპა. დანგრეულია კერძო სახლებიც.
400-ზე მეტი რაკეტა და დრონი
უკრაინის საჰაერო ძალების მიერ 6 ივლისს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, რუსეთის ჯარებმა სხვადასხვა ტიპის 68 რაკეტა და 351 უპილოტო საფრენი აპარატი გამოიყენეს უკრაინაზე მასირებული შეტევისას, რომლის ძირითადი მიმართულება კიევი იყო.
საჰაერო ძალების თანახმად, რაკეტებს შორის იყო 6 გემსაწინააღმდეგო „ცირკონი“, 23 ბალისტიკური „ისკანდერი“ და 39 ფრთოსანი რაკეტა.
ადგილობრივი დროით დილის ცხრის ნახევრისთვის დადასტურებული იყო 37 ფრთოსანი რაკეტის და 326 დრონის მოგერიება და 29 სხვა რაკეტითა და 18 დრონით პირდაპირი დარტყმა 34 ადგილზე.
უკრაინის ძალებმა ვერცერთი ბალისტიკური რაკეტა ვერ მოიგერიეს საჰაერო თავდაცვის შესაბამისი საშუალებების ნაკლებობის გამო. რუსულ ბალისტიკურ რაკეტებთან ეფექტიანად გასამკლავებლად უკრაინა დიდი ხანია დასავლელი პარტნიორებისგან ითხოვს დამატებით რაკეტებს სისტემებისთვის Patriot.
რუსეთის სტანდარტული განცხადება
6 ივლისს დილით რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა ცნობა, რომ „რუსეთის ტერიტორიაზე სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე კიევის რეჟიმის ტერორისტული შეტევების პასუხად“ ქალაქ კიევში და კიევის ოლქში დაარტყეს სამხედრო მრეწველობის საწარმოებსა და ენერგოობიექტებს, ხოლო დნეპროპეტროვსკის, პოლტავის, ჩერკასის, ჩერნიგოვის და კიევის ოლქებში - სამხედრო აეროდრომების ინფრასტრუქტურას.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ზუსტად ამ შინაარსის ტექსტი გამოაქვეყნა კიევზე წინა, 2 ივლისის მასირებული შეტევის შემდეგაც.
რუსეთი „ტერორისტულს” უწოდებს უკრაინის თავდაცვის ძალების საპასუხო დარტყმებს სამხედრო დანიშნულების საწარმოებზე, ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე, ნავთობის ტერმინალებსა და ტრანსპორტირების მარშრუტებზე რუსეთის ტერიტორიასა და ანექსირებულ ყირიმში.
უკრაინის პრეზიდენტმა არაერთხელ განაცხადა, რომ ეს არის სამართლიანი პასუხი უკრაინის ქალაქებსა და რაიონებზე რუსეთის ყოველდღიურ დარტყმებზე და მიზანია რუსეთის სახელმწიფო სისტემა დააზიანონ, ომის გაგრძელების შესაძლებლობები შეუზღუდონ და ომის შეწყვეტა აიძულონ.
განახლება: რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა ჩამონათვალი შვიდი საწარმოსი, რომლებსაც, სამინისტროს თანახმად, კიევში და კიევის ოლქში დაარტყეს. მათ შორის დასახელებული იყო ქარხანა „ვიზარი“.
ასევე ნახეთ
კიევში გლოვის დღეა
5 ივლისს საღამოს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დაზვერვის მონაცემებით რუსეთი ამზადებს მორიგ მასირებულ დარტყმას. ზელენსკიმ პარტნიორ სახელმწიფოებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, ნუ გააჭიანურებენ უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემის რაკეტების, მათ შორის Patriot-ების გადაცემას.
რუსეთის ჯარებმა კიევზე რაკეტებით და დრონებით მასირებული, დამანგრეველი შეტევა მიიტანეს 2 ივლისსაც.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურმა სამძებრო-სამაშველო სამუშაოების დასრულების შემდგე, 4 ივლისს განაცხადა, რომ დაიღუპა 31 და დაშავდა 102 ადამიანი.
ასევე ნახეთ
ტრამპი ზელენსკის შეხვდება ნატოს სამიტის ფარგლებში