კიევში ისევ მსხვერპლია რუსეთის მასირებული შეტევის შედეგად
კიევში სულ მცირე 7 ადამიანი დაიღუპა და 24 დაშავდა რუსეთის ჯარების მასირებული შეტევის შედეგად. უკრაინის დედაქალაქზე დრონებით და რაკეტებით ბოლო ხუთ დღეში მეორე მასირებული შეტევა ხუთიდან ექვსი ივლისის ღამით დაიწყო.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ მსხვერპლის შესახებ პირველი ცნობების გავრცელება 6 ივლისს გამთენიისას დაიწყო.
კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, 24 დაშავებულიდან ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა 14-ს. მათ შორის ორი ბავშვია.
კიევის პოდოლის და დარნიცის რაიონებში ნაწილობრივ დანგრეულია რამდენიმე მრავალბინიანი სახლი. დაზიანებულია სახლები და სხვა შენობები. ობოლონის რაიონში ხანძარმა მოიცვა საწყობები.
რუსეთის ჯარებმა მასირებული შეტევა მიიტანეს კიევის ოლქზეც. ადგილობრივი სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ მიკოლა კალაშნიკის ტელეგრამ-არხზე ადგილობრივი დროით დილის ექვსი საათისთვის გამოქვეყნებული ინფორმაციით, დაიღუპა ერთი და დაშავდა 10 ადამიანი.
კიევის ოლქის ბუჩის, ვიშგოროდის და ბროვარის რაიონებში დაზიანებულია კერძო სახლები და საწარმოები. კალაშნიკს კონკრეტული საწარმოები არ დაუსახელებია.
5 ივლისს საღამოს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დაზვერვის მონაცემებით რუსეთი ამზადებს მორიგ მასირებულ დარტყმას. ზელენსკიმ პარტნიორ სახელმწიფოებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, ნუ გააჭიანურებენ უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემის რაკეტების, მათ შორის Patriot-ების გადაცემას.
რუსეთის ჯარებმა კიევზე რაკეტებით და დრონებით მასირებული, დამანგრეველი შეტევა მიიტანეს 2 ივლისსაც.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურმა სამძებრო-სამაშველო სამუშაოების დასრულების შემდგე, 4 ივლისს განაცხადა, რომ დაიღუპა 31 და დაშავდა 102 ადამიანი.