რუსეთის ჯარებმა კიევს რაკეტებით და დრონებით 6 ივლისს დაარტყეს.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურმა ნგრევის ადგილებში სამძებრო-სამაშველო ოპერაციის პირველი დღის ბოლოს განაცხადა, რომ დედაქალაქში 18 ადამიანია დაღუპული. დანგრეული და დაზიანებულია ათეულობით სახლი და სხვა შენობები.
6 ივლისს, მასირებული შეტევის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა კიევის ოლქის ქალაქ ვიშნევეში. კიევსა და კიევის ოლქში 100-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 6 ივლისს განაცხადა, რომ „რუსეთის ტერიტორიაზე სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე კიევის რეჟიმის ტერორისტული შეტევების პასუხად“ ქალაქ კიევში და კიევის ოლქში რაკეტებით და დრონებით დაარტყეს სამხედრო მრეწველობის საწარმოებსა და ენერგოობიექტებს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ზუსტად ამ შინაარსის ტექსტი გამოაქვეყნა რაკეტებით და დრონებით კიევზე წინა, 2 ივლისის მასირებული შეტევის შემდეგაც, როცა 30-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 100-ზე მეტი დაშავდა.
კიევში გლოვის დღედ იყო გამოცხადებული 3 ივლისიც.
უკრაინის თავდაცვის ძალები ინტენსიურად უტევენ სამხედრო დანიშნულების საწარმოებს, ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს, ნავთობის ტერმინალებსა და ტრანსპორტირების მარშრუტებს რუსეთის ტერიტორიაზე და ანექსირებულ ყირიმში. რუსეთი ამას „ტერორისტულ შეტევებს” უწოდებს.
უკრაინის პრეზიდენტმა არაერთხელ განაცხადა, რომ ეს არის სამართლიანი პასუხი უკრაინის ქალაქებსა და რაიონებზე რუსეთის ყოველდღიურ დარტყმებზე და მიზანია რუსეთის სახელმწიფო სისტემა დააზიანონ, ომის გაგრძელების შესაძლებლობები შეუზღუდონ და ომის შეწყვეტა აიძულონ.
ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებსა და ტერმინალებზე უკრაინის შეტევების შედეგად რუსეთს საწვავის დეფიციტი შეექმნა.