რუსეთის ჯარებმა კიევს რაკეტებით და დრონებით 6 ივლისს დაარტყეს.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურმა ნგრევის ადგილებში სამძებრო-სამაშველო ოპერაციის პირველი დღის ბოლოს განაცხადა, რომ დედაქალაქში 18 ადამიანია დაღუპული. დანგრეული და დაზიანებულია ათეულობით სახლი და სხვა შენობები.
განახლება: 7 ივლისს დილით მაშველებმა კიევის დარნიცის რაიონში განადგურებული სახლის ნანგრევებში კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს. კიევში დაღუპულთა რიცხვი 19-მდე გაიზარდა
6 ივლისს, მასირებული შეტევის შედეგად სულ მცირე 7 ადამიანი დაიღუპა კიევის ოლქის ქალაქ ვიშნევეში. კიევსა და კიევის ოლქში 100-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.
უკრაინის პრემიერ-მინისტრ იულია სვირიდენკოს ინფორმაციით, ვიშნევეში სახლები დანგრეული და დაზიანებულია 13 ჰექტარ ტერიტორიაზე.
კიევის ოლქის ამ ქალაქში მდებარეობს სამხედრო დანიშნულების ქარხანა „ვიზარი“. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 6 ივლისს განაცხადა, რომ ერთ-ერთი სამიზნე ეს ქარხანა იყო, თუმცა არაფერი უთქვამს სამოქალაქო ობიექტების განადგურებასა და მსხვერპლზე.
რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად 6 ივლისს განადგურებული საცხოვრებელი უბანი კიევის ოლქის ქალაქ ვიშნევეში
6 ივლისს, კიევსა და კიევის ოლქზე მასირებული შეტევის შემდეგ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ „რუსეთის ტერიტორიაზე სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე კიევის რეჟიმის ტერორისტული შეტევების პასუხად“ ქალაქ კიევში და კიევის ოლქში რაკეტებით და დრონებით დაარტყეს სამხედრო მრეწველობის საწარმოებსა და ენერგოობიექტებს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ზუსტად ამ შინაარსის ტექსტი გამოაქვეყნა რაკეტებით და დრონებით კიევზე წინა, 2 ივლისის მასირებული შეტევის შემდეგაც, როცა 30-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 100-ზე მეტი დაშავდა.
კიევში გლოვის დღედ იყო გამოცხადებული 3 ივლისიც.
უკრაინის თავდაცვის ძალები ინტენსიურად უტევენ სამხედრო დანიშნულების საწარმოებს, ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს, ნავთობის ტერმინალებსა და ტრანსპორტირების მარშრუტებს რუსეთის ტერიტორიაზე და ანექსირებულ ყირიმში. რუსეთი ამას „ტერორისტულ შეტევებს” უწოდებს.
უკრაინის პრეზიდენტმა არაერთხელ განაცხადა, რომ ეს არის სამართლიანი პასუხი უკრაინის ქალაქებსა და რაიონებზე რუსეთის ყოველდღიურ დარტყმებზე და მიზანია რუსეთის სახელმწიფო სისტემა დააზიანონ, ომის გაგრძელების შესაძლებლობები შეუზღუდონ და ომის შეწყვეტა აიძულონ.
ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებსა და ტერმინალებზე უკრაინის შეტევების შედეგად რუსეთს საწვავის დეფიციტი შეექმნა.