კიევში 10-მდე გაიზარდა რუსეთის მასირებული შეტევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი
კიევზე რუსული დრონებით და რაკეტებით შეტევის შედეგად სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა.
განახლებული მონაცემები მსხვერპლის შესახებ 2 ივლისს დილის რვა საათისთვის ტელეგრამ-არხზე გამოაქვეყნა კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ. მანამდე ცნობილი იყო, რომ დაღუპულია 8 ადამიანი.
კიევის სამხედრო-საქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ტიმურ ტკაჩენკოს ცნობით, დაშავებულია სულ მცირე 56 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, კიევის რამდენიმე რაიონში დანგრეული და დაზიანებულია სახლები და სხვა შენობები, მათ შორის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის. ხანძრებმა მოიცვა საწყობები და ბაზარი.
დრონებით და რაკეტებით შეტევა იყო კიევის ოლქზეც. ადგილობრივი სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, ბუჩის რაიონში სამი ადამიანი დაიჭრა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ კიევსა და კიევის ოლქში სამხედრო დანიშნულების ობიექტებს დაარტყეს.
რუსეთის ჯარებმა კიევზე მასირებული შეტევა პირველიდან ორი ივლისის ღამით დაიწყეს ჯერ უპილოტო საფრენი აპარატებით, შემდეგ კი რაკეტებით.
რამდენიმე საათით ადრე, 1 ივლისს საღამოს, დუბლინში ვიზიტით მყოფმა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ დაზვერვის მონაცემებით, რუსეთი ამზადებს მორიგ მასირებულ დარტყმას, ამიტომ პრესკონფერენციის შემდეგ თავის გუნდთან ერთად უკრაინაში ბრუნდება.
კიევის მშვიდობიან მოსახლეობაში დიდი მსხვერპლის გამომწვევი მასირებული შეტევის შემდეგ, 2 ივლისს დილით რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა ცნობა, რომ „რუსეთის ტერიტორიაზე სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე კიევის რეჟიმის ტერორისტული შეტევების პასუხად“ ქალაქ კიევში და კიევის ოლქში დაარტყეს სამხედრო მრეწველობის საწარმოებს და ენერგოობიექტებს და სამხედრო აეროდრომების ინფრასტრუქტურას დნეპროპეტროვსკის, პოლტავის, ჩერკასის, ჩერნიგოვის და კიევის ოლქებში.
უკრაინის თავდაცვის ძალები ამ გაზაფხულიდან ინტენსიურად უტევენ სამხედრო ობიექტებს, ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს, ნავთობის ტერმინალებს და ტრანსპორტირების მარშრუტებს რუსეთის ტერიტორიაზე და ანექსირებულ ყირიმში.
რუსეთის რეგიონებში ბენზინის და დიზელის საწვავის გაყიდვა შეზღუდეს, ანექსირებულ ყირიმში კი სრული დეფიციტი შეიქმნა.
უკრაინის პრეზიდენტმა არაერთხელ განაცხადა, რომ ეს არის სამართლიანი პასუხი უკრაინის ქალაქებსა და რაიონებზე რუსეთის ყოველდღიურ დარტყმებზე და მიზანია რუსეთის სახელმწიფო სისტემა დააზიანონ, ომის გაგრძელების შესაძლებლობები შეუზღუდონ და ომის შეწყვეტა აიძულონ.