კიევზე 14 მაისის მასირებული შეტევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 3 ბავშვი
კიევის დარნიცის რაიონში, სადაც 14 მაისს რუსულმა რაკეტამ მრავალბინიანი სახლის ნაწილი გაანადგურა, საძიებო-სამაშველო სამუშაოები ღამის განმავლობაშიც გაგრძელდა. 15 მაისს უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურმა განაცხადა, რომ კიევში 21 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის — 3 ბავშვი.
14 მაისს რუსეთმა უკრაინაზე 675 დრონი და 56 რაკეტა გამოიყენა; ერთი დღით ადრე, 13 მაისს, მასირებული სადრონო შეტევა ასევე განხორციელდა. ზელენსკის მონაცემებით, ორი დღის განმავლობაში რუსეთმა 1 500-ზე მეტი დრონი და 56 რაკეტა გამოუშვა.
უკრაინის საჰაერო ძალებმა დრონების 93% ჩამოაგდეს, თუმცა პრეზიდენტ ზელენსკის განმარტებით, სარაკეტო თავდაცვა გაცილებით რთული ამოცანაა და ქვეყანას პარტნიორებისგან მეტი დახმარება სჭირდება.
ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ კიევს დამხსნელი X-101 ტიპის რაკეტა 2026 წლის მეორე კვარტალშია წარმოებული. ეს ნიშნავს, რომ რუსეთი სანქციების გვერდის ავლით ახერხებს სამხედრო წარმოებისთვის საჭირო კომპონენტების მოპოვებას. ზელენსკის თქმით, ყველა პარტნიორის პრიორიტეტი ამ სქემების გაუქმება უნდა გახდეს.
13–14 მაისის შეტევის შედეგები სამხედრო, თავდაცვის, შინაგან საქმეთა და ენერგეტიკის მინისტრებთან ერთობლივ შეხვედრაზე განიხილეს, სადაც შეაფასეს უკრაინის შესაძლო საპასუხო ნაბიჯები.