← მთავარი
მსოფლიო

კიევში მსხვერპლი და ნგრევაა რუსული დრონებით და რაკეტებით შეტევის შედეგად

2 ივლისი, 2026 · წყარო: radiotavisupleba.ge
კიევში მსხვერპლი და ნგრევაა რუსული დრონებით და რაკეტებით შეტევის შედეგად

კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ტიმურ ტკაჩენკოს ინფორმაციით, ადგილობრივი დროით დილის ექვსი საათისთვის დადასტურებულია, რომ დაიღუპა 3 და დაშავდა 25 ადამიანი.

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ცნობით, დესნიანსკის რაიონში დანგრეულია 9-სართულიანი სახლის ექვსი სართული, დარნიცის რაიონში ნაწილობრივ დანგრეულია 5-სართულიანი სახლი. შევჩენკოს რაიონში დაზიანებულ შენობებს შორისაა სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ოფისი, სადაც 5 თანამშრომელი დაშავდა. სახლები და სხვა შენობები დაზიანდა და ხანძრები გაჩნდა კიევის კიდევ რამდენიმე რაიონში.

განახლება: დილის შვიდი საათისთვის კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ტიმურ ტკაჩენკოს ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა ცნობა, რომ დაღუპულია 8 ადამიანი. კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, დაშავებულია სულ მცირე 34.

განახლება: დილის ათი საათისთვის კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ ტელეგრამ-არხზე დაწერა, რომ დედაქალაქში დაღუპულია 13 ადამიანი და დაშავებულია 86.

რუსეთის ჯარებმა კიევზე მასირებული შეტევა პირველიდან ორი ივლისის ღამით დაიწყეს ჯერ უპილოტო საფრენი აპარატებით, შემდეგ კი რაკეტებით.

რამდენიმე საათით ადრე, 1 ივლისს საღამოს, ირლანდიაში ვიზიტით მყოფმა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დუბლინში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ დაზვერვის მონაცემებით, რუსეთი ამზადებს მორიგ მასირებულ დარტყმას, ამიტომ პრესკონფერენციის შემდეგ თავის გუნდთან ერთად უკრაინაში ბრუნდება.

ზელენსკიმ უკრაინელებს სთხოვა, განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ და თავშესაფრებით ისარგებლონ.

კიევის მშვიდობიან მოსახლეობაში დიდი მსხვერპლის გამომწვევი მასირებული შეტევის შემდეგ, 2 ივლისს დილით რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა ცნობა, რომ „რუსეთის ტერიტორიაზე სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე კიევის რეჟიმის ტერორისტული შეტევების პასუხად“ ქალაქ კიევში და კიევის ოლქში დაარტყეს სამხედრო მრეწველობის საწარმოებს და ენერგოობიექტებს და სამხედრო აეროდრომების ინფრასტრუქტურას დნეპროპეტროვსკის, პოლტავის, ჩერკასის, ჩერნიგოვის და კიევის ოლქებში.

უკრაინის თავდაცვის ძალები ამ გაზაფხულიდან ინტენსიურად უტევენ სამხედრო ობიექტებს, ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს, ნავთობის ტერმინალებს და ტრანსპორტირების მარშრუტებს რუსეთის ტერიტორიაზე და ანექსირებულ ყირიმში.

რუსეთის რეგიონებში ბენზინის და დიზელის საწვავის გაყიდვა შეზღუდეს, ანექსირებულ ყირიმში კი სრული დეფიციტი შეიქმნა.

უკრაინის პრეზიდენტმა არაერთხელ განაცხადა, რომ ეს არის სამართლიანი პასუხი უკრაინის ქალაქებსა და რაიონებზე რუსეთის ყოველდღიურ დარტყმებზე და მიზანია რუსეთის სახელმწიფო სისტემა დააზიანონ, ომის გაგრძელების შესაძლებლობები შეუზღუდონ და ომის შეწყვეტა აიძულონ.

← მთავარი