კიევმა ბულგაკოვის ძეგლი აიღო — უკრაინა „იმპერიული სიმბოლოებისგან” ასუფთავებს საჯარო სივრცეს
კიევმა ანდრიივსკის დაღმართზე მდგარი მიხეილ ბულგაკოვის ძეგლი 2026 წლის 5 ივნისს აიღო. ძეგლი, რომელიც 2007 წლიდან მწერლის მუზეუმის სიახლოვეს იდგა, „შესანახად” მოქანდაკე ნიკოლაი რაპაის მემკვიდრეს გადაეცა.
კიევის თვითმმართველობამ ეს გადაწყვეტილება 2025 წლის 18 დეკემბერს მიიღო — უკრაინის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის დასკვნაზე დაყრდნობით. ინსტიტუტმა ბულგაკოვი „მხურვალე უკრაინოფობად” და „მსოფლმხედველობით იმპერიალისტად” შეაფასა. ამავე გადაწყვეტილების ფარგლებში კიდევ 14 კულტურის მოღვაწის მონუმენტი და მემორიალური დაფა დემონტაჟს დაექვემდებარა, მათ შორის პოეტ ანა ახმატოვასა და კომპოზიტორ მიხეილ გლინკასი.
კამათი კულტურულ წრეებში
გამოცემა „სუსპილნეს” ინფორმაციით, კიეველ ინტელექტუალებს შორის კამათი დაიწყო. მწერალმა ოქსანა ზაბუჟკომ ძეგლის აღებას „კრემლის მონუმენტური პროპაგანდისგან სივრცის გაწმენდა” უწოდა. კიეველი ფილოსოფოსი ანდრეი ბაუმაისტერი კი პროცესს „შემოქმედებით საწყისთან აგრესიული უფერულობის ბრძოლად” აფასებს.
პოლიტოლოგი კონსტანტინე ბონდარენკო ამ გადაწყვეტილების კრიტიკოსია: „ბულგაკოვი განასახიერებდა „სხვა კიევს” — კიევს, სადაც ყველას კომფორტულად ეცხოვრებოდა, განურჩევლად წარმომავლობისა, კულტურისა თუ შეხედულებებისა. კიევს, სადაც არავინ კარნახობდა ადამიანებს, რა წაეკითხათ, რომელ ენაზე ელაპარაკათ.”
ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის პოზიცია
ინსტიტუტის ექსპერტული დასკვნა კონკრეტულ ბრალდებებს შეიცავს: ბულგაკოვი, კიევში დაბადებული და გაზრდილი მწერალი, „ნაწარმოებებში არც ერთ უკრაინელ პერსონაჟს დადებითად არ წარმოაჩენდა”; უკრაინულ ენას პაროდირებდა; უკრაინის ავტოკეფალიურ ეკლესიას დასცინოდა; უკრაინელი ერის არსებობას უარყოფდა. „„ოსტატისა და მარგარიტას” ავტორი დღევანდელ პუტინიზმის იდეოლოგემებთან ყველაზე ახლოს მდგომი რუსი მწერალია”, — წერენ ინსტიტუტის ექსპერტები.
მუზეუმი დარჩება, სახელი შეიცვლება
ბულგაკოვის სახლ-მუზეუმი კიევში არ დაიხურება, ექსპონატები ადგილზე დარჩება. ინსტიტუტის ხელმძღვანელი ანტონ დრობლოვიჩი ამბობს, რომ მუზეუმი „ახალი სახელით, მსოფლიოში ერთადერთი ადგილი გახდება, სადაც ბულგაკოვზე სრულ სიმართლეს მოჰყვებიან — მათ შორის მის ყოფით ანტისემიტიზმსა და შოვინიზმზე, მაგრამ ასევე მის ანტისაბჭოთა პროექტსა და ბიოგრაფიაზეც.”
ქართველი ფილოსოფოსის კომენტარი
ქართველი ფილოსოფოსი გიგა ზედანია ძეგლის აღებას ხელს უჭერს. მისი თქმით, საჯარო ძეგლი არ არის მხოლოდ „წარსულის ფიქსაცია” — ის „წარსულის საზეიმო მოხსენიებაა”. „სწორედ ამიტომ დგას თბილისის ცენტრში რუსთაველის ძეგლი და არა — შექსპირის. სწორედ ამიტომ არაფერი ესაქმება თავისუფლების მოედანზე პუშკინის ძეგლს — არა იმიტომ, რომ პუშკინი ცუდია, უბრალოდ ჩაგრული ერები საჯარო სივრცეში თავიანთ წარსულს ზეიმობენ და არა — დამპყრობელი ერებისა”, — წერს ზედანია.