← მთავარი
საზოგადოება

გვანცა ხვედელიძემ ევროპის გოგოების ინფორმატიკის ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

19 მაისი, 2026 · წყარო: ambebi.ge
გვანცა ხვედელიძემ ევროპის გოგოების ინფორმატიკის ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ევროპის გოგოების ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში (EGOI 2026) საქართველოს ნაკრებმა ტექ ოლიმპიადების ჰაბის ფარგლებში პირველი საერთაშორისო მედალი მოიპოვა. ნაკრების წევრმა გვანცა ხვედელიძემ ბრინჯაო დაიმსახურა, ხოლო თაკო შანავამ საპატიო სიგელი მიიღო.

ოლიმპიადა ამ წელს იტალიის ქალაქ ჩეზენატიკოში გაიმართა — ევროპის 50-ზე მეტი ქვეყნიდან 250-ზე მეტი მონაწილე შეიკრიბა. საქართველო 4-წევრიანი ნაკრებით წარდგა; გუნდის ლიდერი გიორგი მანდარიაა.

გვანცა ხვედელიძე თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 სკოლის (ვლადიმერ კომაროვის სახელობის) მე-12 კლასის მოსწავლეა, ასევე ინფორმაციული ტექნოლოგიების ცენტრ „მზიურის” წევრი. ის 5 წელია წარმოადგენს საქართველოს გოგოების ნაკრებს საერთაშორისო ინფორმატიკის ოლიმპიადებზე — ამ პერიოდში დაიმსახურა 3 ბრინჯაო და 1 საპატიო სიგელი. მის წარმატებებს შორის: ბრინჯაო Info(1)Cup-ზე, ოქრო ICPC Algo Queen 2025-ზე სკოლის ასაკის კატეგორიაში და ოქრო უკრაინის Jr. & Girls’ Olympiad-ზე.

ხვედელიძის თქმით, ინფორმატიკით გატაცება ოჯახიდან — განსაკუთრებით უფროსი ძმის, დავით ხვედელიძის — მაგალითიდან დაიწყო. დავითი EGOI 2026-ზე ნაკრების თანა-ლიდერადაც გამოდის.

← მთავარი